ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ია მეტრეველმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მეტრეველის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ უნდა მოხდეს მხოლოდ „ქართული ოცნების" აქტივისტების პასუხისგებაში მიცემა, რადგან კორცხელის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი იყო. მეტრეველმა ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსგავს პროვოკაციებს უნდა ელოდოს საზოგადოება.
„კორცხელის ინციდენტი იყო „ნაციონალების" დაგეგმილი. გასაკვირია, რომ მოხდა მხოლოდ „ქართული ოცნების" აქტივისტების დასჯა. ვიდეომასალაში კარგად ჩანს სააკაშვილის ზონდერები, რომლებიც წინასწარ ჰყავდათ კორცხელში ჩაყვანილი. კორცხელში იყო ჩხუბი, რომელიც გამომდინარეობდა „ნაციონალებისგან". აუცილებლად უნდა დასჯილიყო მეორე მხარეც. „ნაციონალურ მოძრაობას" შემუშავებული აქვს გეგმა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოაწყონ პროვოკაციები" , - განაცხადა მეტრეველმა.