პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად.
ოხანაშვილის თქმით, პროკურატურამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართო:
„ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი გახსნა და გახსნა იმ თვალსაზრისით, რომ პროცესში ჩართო საერთაშორისო ექსპერტები. ზოგადად მრჩეველთა ჯგუფი, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი არსებობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რომელიც მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით რჩევებს და კონსულტაციებს უწევს საქართველოს პროკურატურას და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი კონკრეტულ საკითხზე სამუშაო პროცესში საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართვას დადებითად აფასებს:
„მეტი გამჭვირვალობისთვის, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც საერთაშორისო დონის ექსპერტებს რთავ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპერტებს, მით უმეტეს როდესაც ისეთი დონის საერთაშორისო ექსპერტებს რთავ, როგორებიც არიან ბატონი კოფი და ბატონი ლადორი - ერთ შემთხვევაში ბატონი ლადორი იყო სახელმწიფო პროკურორი ისრაელის, ხოლო ბატონი კოფი იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულის და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დირექტორი. მათ აქვთ ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში, მათ აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და როდესაც ასეთი დონის საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულნი ამ პროცესში, ეს მიუთითებს ამ პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამართლებული იმისთვის, რომ წარიმართოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით:
„რაც შეეხება მათ წინაშე დასმულ საკითხს, ჩემი ინფორმაციით და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჯგუფი ჩართულია ასევე სხვა მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ბატონი ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ამ ჯგუფს მიეწოდა კონკრეტული მასალა, კონკრეტული მტკიცებულებები და მათ წინაშე დაისვა საკითხი, შეეფასებინათ, საკმარისი იყო თუ არა არსებული მტკიცებულებები პროკურატურას განეხორციელებინა ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფმა დადო მოსაზრება, შეფასება იმ წარდგენილ მასალასთან დაყრდნობით, რაც მათ პროკურატურიდან მიაწოდეს, რომ ბატონ ხაზარაძეს, ბატონ ჯაფარიძეს, იკვეთება რომ ჰქონდათ სქემა, რომელიც მიუთითებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რაც, მათი შეფასებით, ასევე საკმარისია სახელმწიფო ბრალდების წარსადგენად, შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამართლებული იმისთვის, რომ წარიმართოს მათ მიმართ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით“, - განმარტა ოხანაშვილმა.
მისივე შეფასებით, ახლა ჯერი სასამართლოში განხილვაზეა, თუ როგორ წარმართავენ მხარეები საკუთარ ტაქტიკას და პოზიციებს, რათა შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება:
„აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს წაყენებული აქვთ კონკრეტული ბრალი და შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რითაც მათ ბრალი წარედგინათ, ეს მტკიცებულებები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მათ მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ შევდივართ კონკრეტულ შეფასებაში, ჩვენ ვიცავთ ყველა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ახლა ჯერი სასამართლოში განხილვაზეა, მხარეები როგორ წარმართავენ საკუთარ ტაქტიკას და პოზიციებს, რათა შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.