პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის მოსაზრებით, რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლის შედეგი დღეს, „ეკონომიკური მუშტი“ იქნება, რაც კიდევ უფრო დააზარალებს და დაამძიმებს ჩვენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
როგორც ვოლსკიმ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ დროს განაცხადა, იმ ფორმატზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს დღეს გააჩნია კიდევ უფრო დააზარალებს და დაამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
„დღეს რომ შევიდეთ რუსეთთან დაპირისპირებაში, უკვე „ეკონომიკური მუშტი“ მოგვხვდება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს და დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ხალხს, რომლებიც შრომობენ და თავის პროდუქციას ასაღებენ რუსულ ბაზარზე. რატომ ვავლებთ წითელ ხაზს იმ პოზიციებს შორის, რასაც ქვია დაპირისპირება და მოლაპარაკება“? - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველო არ არის ეული მოთამაშე, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე არამედ, ის არის პარტნიორთა ჯგუფის წევრი, რომელთაგან ზოგიერთს სერიოზული პოლიტიკური თუ სამხედრო და ეკონომიკური დაპირისპირება აქვს რუსეთის ფედერაციასთან.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის წარმომადგენელთან გარკვეულ ფორმატში, ან ვუპირისპირდებით მას საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ჩვენსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მხოლოდ. ეს არის გარკვეული ჯგუფების პოზიციების დაპირისპირება რუსეთის ფედერაციის პოზიციებთან. ჩვენ მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ - ერთი სეგმენტი ვართ ამ დაპირისპირებისა. ამიტომ, ნურავინ ნუ მოატყუებს საზოგადოებას რომ ჩვენი პოზიცია არის მოწყვეტილი და არ იქნება გათვალისწინებული პარტნიორების მიერ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, რუსეთთან პრობლემების მოგვარების ორი გზა არსებობს. ერთი - იარაღით ხელში, მეორე კი მოლაპარაკებით.
„სხვა გზა არ არის ცნობილი. მოლაპარაკების გზა, მოლაპარაკების მცდელობა - ეს არის თემა, რომელიც ახასიათებს პატარა ქვეყანას დიდი საფრთხეების წინაშე. თუკი ჩვენ ამ გზით არ წავალთ სერიოზულ, გაცილებით უფრო მძლავრ, დამანგრეველ დარტყმებს მივიღებთ. მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს. ამ გლობალურ გამოწვევებში უნდა გადარჩეს ჩვენი პატარა ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ყველა ეტაპზე, უნდა დაიგეგმოს და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს პატარა საქართველოს გლობალური გამოწვევის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მომავალი არ გვაქვს, გაცილებით უფრო რთულად არის მდგომარეობა მსოფლიოში ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩვენ გვეგონოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.