logo_geo
eng_logo
„საქართველო მაინც ზვიადის გზით ივლის“
- +

7 ივნისი. 2016. 17:03


 სიყალბის წყვდიადს ამ საუკუნის 80-იან წლებში გაუჩნდა თვალსაჩინო ბზარი. წართმეულმა ორასწლოვანმა თავისუფლების ცნებამ გამოცოცხლება დაიწყო საქართველოში.


ცდებიან, ო, როგორ ცდებიან, როცა ამბობენ, ქართველი ხალხი მზად არ იყოო თავისუფლებისათვის. მერაბ კოსტავას დაკრძალვის პროცესია თვალსაჩინო დემონსტრაცია იყო მთელი ერის ერთად ყოფნისა და დამოუკიდებლობისათვის გამართულ რეფერენდუმს წააგავდა. სამივე შემთხვევაში (9 აპრილი, 26 მაისი, 13 ოქტომბერი) სულ უფრო მზარდი რაოდენობა ქართველისა ერთად იდგა მშობლიურ მიწაზე, სულით და გულით ბრძოლის თავკაცების სიტყვას მინდობილი და ერთმანეთით მხარგამაგრებული.


მკითხავთ, სად არისო ის საქართველო დღეს?


გპასუხობთ: დახოცილებში, უცხოეთში გადახვეწილებში, რეპრესირებულებში, საზოგადოების სოციალურად დაუცველ ნაწილში - ეს კი საქართველოს ნახევარს მეტად სჭარბობს.


ისტორიის გრძელ მანძილზე თავსდატეხილ აურაცხელ განსაცდელს ბევრჯერ გადავურჩით. მემატიანე ამაში ღვთის ნებასაც ხედავს - "გამარჯვება ღვთის ხელთ არისო", "ღმერთმა ინება და ქართველთ გაუმარჯვათო". ღმერთი მართლის მხარეზეა, რადგან ჭეშმარიტება არის მისი თვისებაც და იარაღიც. ჭეშმარიტების განხორციელება დასაბამიერი პრობლემაა და ღმერთიც მის განმხორციელებლად ათასთა შორის ერთეულებს ირჩევს. კონსტანტინე გამსახურდია ასეთებად ასახელებს: მოსეს, ბუდას, ქრისტეს, ილიას, რადგან იგიც დიდი ღმერთის საკურთხევლის ცეცხლის მატარებელი იყო. მანვე განმარტა, რომ მოსემ და ილიამ გზააბნეული ერი ვულკანურ მთასთან მიიყვანეს, საიდანაც უნდა გადაშლილიყო დიდი სანახები ახალი ცხოვრებისა.


ჩვენს აპოკალიფსურ დროშიც არ დაგვტოვა ღმერთმა მფარველობის გარეშე. მოგვივლინა კაცნი მართალნი, სიმართლისათვის მებრძოლნი. ჩვენი სულიერი აღზრდაც უმოკლეს დროში მოხდა, რადგან სიმართლემ ითავა იგი. საუკუნის მეცხრე ათეულიდან ამ სიმძიმის ტარება ზვიად გამსახურდიას ღიად დააწვა მხრებზე; მერაბი უკვე აპრილის წმინდანებთან იყო ზეციურ საქართველოში. სასოწარკვეთის ჟამს, მის საფლავთან უძებნია თანაგრძნობა თვალში ცრემლჩამდგარ მეგობარს. მაინც მძიმე საზოგადოებრივმა ტვირთმა შთანთქა მისი სულიერი ობლობა, მტრის სამიზნეში ახლა ზვიადი დგებოდა და რამდენადაც რეალური ხდებოდა მისი ნების უზენაესობა ერში, იმდენად უახლოვდებოდა ტყვია მის საფეთქელს.


დღევანდელ სვეგამწარებულ ქართველობას სხვა ხალხთან შედარებით მაინც ჰქონდა უდიდესი ბედნიერება - ჰყოლოდა ზნეობრივი თავკაცი და უსისხლო ხელისუფალი, რომლის კვალი თაობების მოქმედებას განსაზღვრავს მომავალშიც.


ზვიად გამსახურდიას სულიერი ზეობა განსაკუთრებით თვალსაჩინო 1990 წლის 26 მაისიდან გახდა. იმ დღეს წარმოთქმული მისი სიტყვით მოხდა სიმართლის ღვთაებრივი ინაგურაცია საქართველოში. სიმართლე - საქართველო - ზვიადი - ასეთი სამებით შევა ეს დღე ჰუმანისტური კაცობრიობის ისტორიაში, რადგან გაცხადდა ჩვენი საკაცობრიო მისია: "დღეს, დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისთვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისთვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესათვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიოს ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა..."


ეს უდიდესი მისიაა თვით თავისუფლების იდეასთან შედარებით, რადგან მხოლოდ იგია გზა თავისუფლებისაკენ. ზვიად გამსახურდიამ ყველაზე მეტად უწყოდა, რომ უიარაღოდ ვერ დაამარცხებდა კოსმიურ ურჩხულს, მაგრამ უწყოდა მისი სისუსტეც - ეს ურჩხული სიყალბეზე იყო აგებული, რაც მისივე ნგრევის საბაბი უნდა გამხდარიყო.


ბრძოლის პირველ ეტაპად უნდა ქცეულიყო სწორი არჩევანი, რადგან არასწორმა ებრაელთ სამშობლო დააკარგვინა. XX საუკუნის დასაწყისში იგივე შეცდომა ჩაიდინეს ქართველებმა, როცა ბრძენკაცი ილია მოკლეს და ბარაბას გზით თითქმის მთელი საუკუნით გაიხანგრძლივეს მონობა.


ბიბლიიდან და საქართველოს ისტორიიდან მაგალითების მოყვანით ზვიადმა მიგვითითა, რომ კვლავ ისტორიულ გზაჯვარედინთან ვდგავართ და წარსულის გამოცდილება გვავალებს, რომ "... დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება, დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის". დიახაც, სწორი არჩევანი წყვეტდა ქვეყნისა და ყოველი ჩვენთაგანის ბედს.


არჩევანის სიმკვეთრე ბატონმა ზვიადმა ანტიპოდური პიროვნებების დაპირისპირებით წარმოგვიდგინა. ქრისტე და ბარაბა, ღმერთკაცი და სატანა, აქაც ის, რაც ჩვენ მხოლოდ წარსულის საკუთრებად მიგვაჩნდა, ზვიადმა ცოცხალ და მოქმედ ძალებად გაგვაცნო.


ბატონმა ზვიადმა მოგვაგონა ისიც, რომ ქრისტეს გზა ჩვენთვის ტრადიციულია და ამ გზით მავალი წინაპართა სულები დღესაც გადმოგვყურებენ ზეციური საქართველოდან, რომ 26 მაისი მარტო წარსულისადმი პატივის მიგების დღე არაა, რომ ერი ისევ დგას ახალ მიჯნასთან, ახალ არჩევანთან, სიმართლის თანადგომა ყოველი ჩვენგანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ თანამონაწილესაც გვხდიდა ერის ბედის გამართვაში.


ზვიად გამსახურდიას გაფრთხილებაში - "გვმართებს დიდი დაფიქრებაო!" - ჩანდა, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი მხოლოდ გარე ძალებში არ იყო საძებარი, რომ თავად ჩვენ დავუშვით საბედისწერო შეცდომები. "ნუ იყოფინ!" - იყო მისი საყვედური და სათხოვარიც, რადგან მაშინვე იყო საქართველო ორი გზით მავალი: ქრისტეს გზით და ბარაბას გზით.


"მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან: აი გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა, და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, ქრისტეს გზა და კეთილი გზა!.. - ეს უთხრა მან ერს, ბერს, ქვეყანას. ამ დროს თვითონაც ჰგავდა მაცხოვარს.


სხვა გზა ჩვენი ეროვნული ბედ-იღბლის შთანმთქმელი იყო, სხვა გზა, კვლავ ზვიადის სიტყვით, ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოიყვანდა ანტიქრისტეს, ბარაბას და შეჩვენებას.


ყველაფერი ასეც მოხდა. ზვიად გამსახურდიას შიშიც და გაფრთხილებაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.


ზვიად გამსახურდიას სიტყვამ 26 მაისს ქართულ ზნეობაში ახალი პოსტულატები შეიტანა: დიდი დაფიქრება გზაგასაყართან, განუყოფლობა, სწორი არჩევანი მარადიულ ქრისტესა და მარადიულ ბარაბას შორის; ბარაბას ეროვნული ნიღბით შეუძლია მოავლინოს ანტიქრისტე, ქართველი ერი კი მოვლენილია ქომაგად ჭეშმარიტებისა, რითაც უნდა გაბრწყინდეს მსოფლიოს ხალხთა წინაშე.


კონსტანტინე გამსახურდიას ილიას მიმართ აქვს ნათქვამი: "ჩვენ ისევ გვინდა მრისხანე გამოხედვა ერის ბელადისა, ჩვენ კიდევ გვინდა ვულკანურ მთასთან მიყვანა!"


ზვიადის მისამართითაც ასე ითქმის: ისევ გვჭირდება ერის სულიერი ბელადის მართალი სიტყვა, გზამკვლევი სიტყვა, რადგან იმ გზაგასაყართან, რომელთანაც აღმოვჩნდით, სწორ გეზს მხოლოდ მისი გონება გასწვდება, სწორედ, ამ უნარშია მისი უკვდავებაც.


1990 წლის 26 მაისის ფოტოარქივში დაცულია ის ამაღლება, რაც ზვიადის სიტყვამ გამოიწვია. ფიზიკურად ეს გამოიხატა ხელში მის ატაცებაში, რამაც შემდგომში კომუნისტური იმპერიის დანგრევასა და ეროვნული ხელისუფლების მოსვლაში ჰპოვა გამოხატულება.


ამის შემდეგ ყოველ ამაღლებას ზვიადის სახელი დაერქვა და თან გაჰყვება მარადის ისევე, როგორც ყოველ ბარბაროსობას - სისხლით მოსული ხელისუფლებისა.


ეს სიტყვა ოქროს ასოებით შევა აიეტისა და ფარნავაზის ქვეყნის მჭევრმეტყველების ფონდში.


დღეს არჩევანი გაკეთებულია იმ მხრივ, რომ არსებობს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ვერ იმორჩილებს, მაგრამ ღვთის შეწევნით იქნება და საქართველოს გააბრწყინებენ დღეს დევნილნი, მაგრამ სიმართლის მიმდევრები. ეს გზა ქრისტეს - ილიას - ზვიადის გზაა და ქვეყნის დაცემის ამ ხანაში სიამაყის გრძნობას ისევ ეს უნარჩუნებს ერს.



გაზეთი: "განმათავისუფლებელი"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner