„მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს კონფერენციისგან და გახდება საპროკურორო საბჭოს წევრი.
„53 თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი, რომ მე წარმომედგინა მათი ინტერესები საპროკურორო საბჭოში. ბუნებრივია, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომელიც ამავდროულად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია, ჩემი განვლილი გზა პროკურატურაში მაძლევს იმის უფლებას, რომ ღირსეულად წარმოვაჩინო პროკურატურის თითოეული თანამშრომელი, ვიყო მათი ინტერესების დამცველი, მაქსიმალურად ვეცადო მათი ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებას და ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და მისი ეფექტიანობის ზრდაში. იმედს ვიტოვებ, რომ შესაბამის მხარდაჭერას მივიღებ კონფერენციისგან და გავხდები საპროკურორო საბჭოს წევრი“, - აღნიშნა ირაკლი მირცხულავამ.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჰყავს გენერალური პროკურორი.
„საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქცია გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაა პარლამენტში წარსადგენად. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრავს 6 წელს, საპროკურორო საბჭოს წევრები კი აირჩევიან 4 წლის ვადით, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ჰყავს გენერალური პროკურორი. საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და ალბათ, სწორი იქნება თუ დაველოდებით ამ პროცედურების დასრულებას და შემდგომში უკვე არჩეული საბჭო იმსჯელებს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურის შესახებ კანონის თანახმად, გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, საპროკურორო საბჭოს ეძლევა ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ გამართოს კონსულტაციები სამეცნიერო წრეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა შეარჩიოს არანაკლებ 3 კანდიდატი გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად. შემდგომში ხდება თითოეული კანდიდატის მოსმენა და საბჭო, ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ ხმათა ორი მესამედისა, იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კანდიდატის პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნის თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი მირცხულავამ.
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს ირჩევენ.