„მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
გულუაშვილმა პროკურორთა კონფერენციაში მონაწილე პროკურორებსა და გამომძიებლებს მადლობა გადაუხადა:
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორთა კონფერენციაზე დამსწრე პროკურორებსა და გამომძიებლებს, მათ, ვინაც ჩემს კანდიდატურაზე შეაჩერეს არჩევანი, მათ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა. ვუსურვო წარმატებები როგორც საქართველოს პროკურატურას, ასევე, საპროკურორო საბჭოს, ასევე, ახლადარჩეულ წევრებს მომავალი საქმიანობისათვის. რაც შეეხება, ჩემს სამომავლო საქმიანობას საპროკურორო საბჭოში, როგორც მოგეხსენებათ, საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილება რეგლამენტირებული არის კანონმდებლობით, გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის გარდა, მას ასევე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს პროკურატურის განვითარების, მისი სტრატეგიის შემუშავების, დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების გაცემას, რაც შესაძლოა შემდგომში გათვალისწინებულ იქნეს პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.
ამირან გულუაშვილმა საპროკურორო საბჭოში მის ძირითად ფუნქციებზე, მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა:
„ჩემი ძირითადი ფუნქცია, რომელიც ამ ეტაპისათვის მესახება საპროკურორო საბჭოში, გარდა იმ სხვა საკითხებისა, რაც ბუნებრივია არის საპროკურორო საბჭოს კომპეტენცია, ეს არის მაქსიმალური ზრუნვა პროკურატურის თანამშრომელთა საქმიანობის და შრომითი გარემოს გაუმჯობესებაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული რეგლამენტების თუ სხვადასხვა შინაარსის დოკუმენტების დახვეწაზე ზრუნვა, ასევე, ყველა ის საკითხი, რაც დაკავშირებული არის პროკურორთა განვითარებისათვის, მათი პროფესიული გადამზადებისათვის. როგორც იცით, ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე პროკურატურის სამოქმედო გეგმაშიც და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს სამომავლო პრიორიტეტი, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, შესაბამისი საკანონმდებლო თუ სხვა გზებით მათი პირობების, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება. ეს იქნება ჩემი ძირითადი ორიენტირი საპროკურორო საბჭოში საქმიანობის დროს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ პროკურორს და გამომძიებელს, რომელთაც ჩემს კანდიდატურაზე ჰქონდათ შეჩერებული არჩევანი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
დღეს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორ წევრები აირჩიეს.