logo_geo
eng_logo
სკანდალური ფაქტები „მაესტროს“ გარშემო – რა ვალს სთხოვდა გიორგი ისაკაძე ზურაბ ნაყეურს
- +

7 ივნისი. 2016. 17:13


გაზეთი „პრაიმ-ტაიმი" ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო განვითარებულ სკანდალურ ფაქტებზე წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „მაეტსროს" გენერალურ დირექტორს ზურაბ ნაყეურს ბიზნესგადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ წინა მენეჯმენტისთვის ნასესხები თანხის - 200 ათასი დოლარის დაბრუნება მოსთხოვა.


როდესაც აქ მოვედი, მქონდა შეხვედრა გიორგი ისაკაძესთან. მიამბო, რომ ყოფილ მენეჯმენტთან ჰქონდა მოლაპარაკება ხელფასის ზრდაზე. ამასთანავე, გაირკვა, რომ „მაესტროს" ფინანსური კრიზისის დროს 200 ათასი ლარი ასესხა. მთხოვა, ეს თანხა დამებრუნებინა და ხელფასის 3 ათასლარიანი მატება განვლილ 18 თვეზეც ამენაზღაურებინა. ეს ჯამში 54 ათას ლარს შეადგენდა. რაც შეეხება „მაესტროსთვის" ნასესხებ თანხას, პროცენტები დამიანგარიშა და 244 ათასი ლარი გამოიყვანა. ვთხოვე, რომ ეს მოთხოვნები წერილობითი ფორმით მოეწოდებინა",-განაცხადა ნაყეურმა.



ამავე სტატიაში წერია, რომ ამის შემდეგ ზურაბ ნაყეურმა ისაკაძისგან აღნიშნული შინაარსის წერილი მართლაც მიიღო. როგორც ნაყეური ამბობს, შეთანხმებაზე, რომლის შესახებაც ისაკაძე საუბრობდა, არ არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნულს არც წინა გენერალური დირექტორი ადასტურებს.



„შესაბამისად, უარი მიიღო ამ შეთავაზებაზე. ამის შემდეგ მან თვითნებურად დატოვა ეთერი. ვფიქრობ, საფუძველი მქონდა, ჩამეთვალა, რომ ის ულტიმატუმს გვიყენებდა და მივიღე გადაწყვეტილება მასთან საქმიანი ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.



აღნიშნულის გადამოწმება „პრაიმ-ტაიმმა" თავად გიორგი ისაკაძესთან სცადა. როგორც გამოცემასთან საუბრისას ისაკაძე აცხადებს, ეს არ ყოფილა ბოლო მიმოწერა და მთელ საქმიან მიმოწერას ის სასამართლოზე გაასაჯაროებს, თუმცა გენერალური დირექტორის საპასუხოდ აქვეყნებს მხოლოდ მის ბოლო წერილს, რომელიც 23 მაისით არის დათარიღებული.

„გამომდინარე ჩვენი კომუნიკაციიდან, რომელიც ეხებოდა ჩემი ანაზღაურების გადახედვის საკითხს, რაზეც შპს „სტუდია მაესტროს" ყოფილი ხელმძღვანელებისა და აუქციონერთა ნაწილის წარმომადგენლების გამოკითხვით არ დადასტურდა საკითხის წამოჭრის „მართებულობა", გაცნობებთ, რომ საქმიანობას გავაგრძელებ ჩემს და შპს „სტუდია მაესტროს" შორის არსებული კონტრაქტის ფარგლებში",-აღნიშნულია წერილში, რომლითაც ისაკაძე ადასტურებს, რომ 23 მაისისთვის ხელფასის ზრდის თემა უკვე მოხსნილი იყო და შესაბამისად, აღარც წამყვანობა ევალებოდა.



ბოლო წერილი კი ზურაბ ნაყეურს ეკუთვნის, სადაც ის ხსნის სამ მიზეზს, რის გამოც ცალმხრივად წყვეტს კონტრაქტს გიორგი ისაკაძესთან:



მიგვაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს" გადაცემები- „ბიზნესკონტაქტი", „ საქმიანი დილა" და „ანალიტიკა" წარმოადგენს საზოგადოების კომერციულ და ინტელექტუალურ საკუთრებას. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ გადაცემების ფინანსური, სარედაქციო პოლიტიკის მართვა არის ცალსხად საზოგადოების იმპერატიული უფლება - დაუშვებლად მიგვაჩნია ამ მიმართულებით „მაესტროსთან" რაიმე ულტიმატუმის ენით საუბარი.

ამდენად: იმის გამო, რომ კომპანიას არ გააჩნია ფინანსური საშუალებები, რომ მოახდინოს თქვენ მიერ მოთხოვნილი თქვენი ხელფასის 3 ათას ლარიანი ზრდა, იმის გამო, რომ თქვენ მიერ ცალმხრივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება თქვენი, როგორც წამყვანის ეთერში არგასვლის თაობაზე, იმის გამო, რომ საზოგადოების დღევანდელი ხელმძღვანელობის ხედვა გადაცემების-„ ბიზნესკონტაქტი", „საქმიანი დილა" და „ანალიტიკა" ე.წ. „აუთსორზე" გაყვანასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება თქვენს, გიორგი ისაკაძის, როგორც ამ ტელეპროექტის ხელმძღვანელის ხედვებს და ასევე სამომავლო გეგმებს, მე როგორც კომპანიის დირექტორი ვიღებ შემდეგ გადაწყვეტილებას:

მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან შპს „ სტუდია მაესტრო" ცალმხრივად წყვეტს 2014 წლის 10 ივლისს ჩვენს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედებას. უთანხმოების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს და ასეთ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას",-წერია ნაყეურის მიერ გაგზავნილ წერილში.



ამასთან, ნაყეური ამტკიცებს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი ყველა თანამშრომელთან ჰქონდა, თუმცა აცხადებს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათ არგუმენტირებული მიზეზების გაგება არ სურდათ.



სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამის შემდეგ ნაყეურმა წერილიც გაუგზავნა მათ, სადაც კიდევ ერთხელ ხსნიდა ყველა პუნქტს, რატომ მოხდა ისაკაძესთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა. ამის მიუხედავად კი გუნდმა ჯერ საკუთარი ეთერით გააჟღერა, რომ გადაცემები ფუნქციონირებას ისაკაძის დაბრუნების შემთხვევაში გააგრძელებდა, შემდეგ კი კონკურენტი ტელევიზიის გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც „მაესტროში" ხსენებული პრობლემები „რუსთავი 2"-ისა და ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის კონტექსტში განიხილებოდა.



სწორედ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში გაჟღერდა ისაკაძის შეთავაზებაც, რომ 1-ლარიანი ხელფასით თანახმაა, გააგრძელოს მუშაობა ძველ პოზიციაზე იმის გამო, რომ პროექტები არ მოიხსნას ეთერიდან, ვინაიდან ამ პროექტების გუნდისთვის წყალგამყოფი მის დაბრუნებაზე გადიოდა ტელეკომპანიაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner