თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 2401-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი.