შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კახეთში, სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1972 წელს დაბადებული ე.ა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
პოლიციამ ე.ა.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.