თბილისის მერმა კახა კალაძემ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNISEF) პროექტის „ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში, კიოლნის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დეკლარაცია მიზნად ისახავს ბავშვთა ცხოვრების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის დონის გაზრდას ქალაქებში.
გერმანიის ქალაქ კიოლნში, 15-18 ოქტომბერს, ბავშვთა მეგობრული ქალაქების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ დეკლარაციას მსოფლიოს 40 ქვეყნის 100-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა. სამიტი, UNISEF-ისა და ქალაქ კიოლნის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და აერთიანებდა მერებს, ადგილობრივ ლიდერებს, სფეროს ექსპერტებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს.
საქართველოდან სამიტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) წარმომადგენელმა თინათინ ბაუმმა.
კიოლნის დეკლარაცია ეფუძნება მანიფესტს, სახელწოდებით „ჩვენი ქალაქები, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი“. მანიფესტი განსაზღვრავს, თუ როგორ შეუძლიათ ქალაქებს, წამოსწიონ ბავშვები წინა პლანზე და მიაღწიონ პროგრესს გაეროს მდგრადი განვითარების იმ მიზნების (SDG 2030) მიღწევაში, რომელიც დაკავშირებულია ბავშვებთან და მათ უფლებებთან.
კიოლნის დეკლარაცია გულისხმობს ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის ისეთი ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოებისა და გარემოს შექმნას, რომელშიც ბავშვის უფლებები და საჭიროებები, მიღებული და გაზიარებული იქნება საზოგადოების წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისგან, რაც ასახვას პოვებს კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, ბიუჯეტსა და გადაწყვეტილებებში.
„ბავშვზე მორგებული ქალაქი“ UNISEF-ის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან დაიწყო და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფას. პროექტი 24 ქვეყანაში, ცალკეულ რეგიონებსა და თვითმმართველ სუბიექტებს მოიცავს.