„რუსეთისგან და მისი პირველი პირებისგან ადეკვატურ შეფასებებს და პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
„მაშინ, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ანექსირებული აქვს ყირიმი, აგრძელებს აბსოლუტურად საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, მე ვიტყოდი, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, რუსეთისგან და მისი პირველი პირებისგან ადეკვატურ შეფასებებს და პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ. ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის უსაფრთხო მეზობელი უნდა იყოს სასიხარულო და მისაღები. NATO არის ის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომლის მთავარი მიზანია მშვიდობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ქვეყნებს შორის ჰარმონიული, დემოკრატიული ურთიერთობა. როცა ეს არ მოსწონს რომელიღაც სახელმწიფოს, ესე იგი, ამ სახელმწიფოშია სერიოზული პრობლემა და სამწუხარო რეალობაა, რომ ის არის ჩვენი მეზობელი. ასე რომ, ცხადია, ისევ და ისევ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციით უნდა მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს. დიახ, ჩვენ გავხდებით NATO-ს წევრები, ჩვენ ვიქნებით მშვიდობიანი, ცივილიზებული ქვეყანა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებით, NATO-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს. მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს.