„ნდობის ჯგუფის სხდომაზე შევეხეთ სხვადასხვა აქტუალურ თემას, ვახტანგ გომელაური ძალიან ღია იყო და აბსოლუტურად ყველა საკითხზე ძალიან დეტალურად ისაუბრა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, ზოგადად მინდა მივესალმო წლების განმავლობაში შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს და მიმდინარე ინტენსიურ განვითარებას. როგორც ტექნიკური განახლება ხდება, ასევე პოლიციელებისთვის ხელფასების მატება და სისტემური განვითარება. საზღვრის დაცვის მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული ახალი შენობა აშენდა საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის, ისევე როგორც რამდენჯერმე გაეზარდათ ხელფასები. ჩვენ საზღვრის დაცვის მიმართულებით აბსოლუტურად ყველა მონაკვეთი დეტალურად გავიარეთ, გავეცანით როგორც პოზიტიურ მიღწევებს, ასევე არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტში. ასევე, შევეხეთ საიდუმლო შესყიდვებს. შსს-ს მხოლოდ მცირეოდენი რაოდენობა აქვს ფარული შესყიდვების, სადაც შეიძლება ითქვას, რომ კითხვა არ დასმულა. ასევე, შევეხეთ სხვადასხვა აქტუალურ თემას, სადაც ვახტანგ გომელაური ძალიან ღია იყო და აბსოლუტურად ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრა. საერთო ჯამში, შთაბეჭდილება არის პოზიტიური. ჩვენ შსს-ს ვუსურვებთ წარმატებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“, - განაცხადა სესიაშვილმა.