ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გურამიშვილის გამზირზე დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია.
"ყველაზე მძიმედ არის ჩვენი კოლეგა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში მოვინახულეთ - მისი მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილურად მძიმეა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომჯობინდება. მე ასევე ტელეფონით დავუკავშირდი ყველა პაციენტს, ვინც დღეს დილით გაეწერა - მათ შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა არის ნორმალური“, - განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პაციენტების მონახულების შემდეგ.
მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.