პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გორში, შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლებლის წარმომადგენლებს შეხვდა. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინა, რომელთა მოგვარება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ ხერხდება.
პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელისუფების მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს.
„ჩვენი მიზანია, დროისა და ეფექტურიანობის ნაწილში დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს და უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან მთავრობის წევრებს მოუწოდა ღიად ისაუბრონ პრობლემებზე და რა გეგმები აქვთ მათ გადასაჭრელად.
როგორც პრემიერი აცხადებს, სახელმწიფოს აქვს რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ რაც კეთდება, ეფექტიანად კეთდებოდეს და ამის ძირითადი ინსტრუმენტები უნდა იყვნენ, როგორც არჩეული, ისე დანიშნული თანამდებობის პირები.
"თითოეული თქვენგანის შეფასება იქნება იმ მოქალაქის კმაყოფილება, რომელსაც თქვენ ემსახურებით. სახელმწიფოს აქვს რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ რასაც ვაკეთებთ, ეფექტიანად კეთდებოდეს და ამის ძირითადი ინსტრუმენტები უნდა იყოთ თქვენ, როგორც არჩეული, ისე - დანიშნული თანამდებობის პირები. ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.