გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან ამ ეტაპზე გამგეობას 52 ოჯახი ჰყავს სასტუმროში გადაყვანილი. როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, ნაწილმა მათ შეთავაზებაზე თავად თქვა უარი, თუმცა, გამგეობა მზად არის, ნებისმიერ დაზარალებულს დაეხმაროს.
„სანამ არ გაიწმინდება კორპუსი, ზარალს ვერ დავითვლით, რაც შეეხება მიმდებარე კორპუსებს იქ მიმდინარეობს ზარალის აღწერა. გუშინ ჩვენ ვთქვით, რომ მინიმუმ ერთ კვირაში გვეცოდინება საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ეს კორპუსი. ვვარაუდობთ, რომ მცხოვრებლების ნაწილი ალბათ შეძლებს ბინებში დაბრუნებას. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა, იქ ცოტა ხანგრძლივი პერიოდით ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება კომუნიკაციების აღდგენას, ვფიქრობთ დაახლოებით 10 დღეში მოვახერხებთ. იქ ნგრევის საფრთხე, რა თქმა უნდა, იქნება, მოსახსნელია დაზიანებული ელემენტები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახური და პოლიცია მოსახლეობის ნაწილს, იქ სადაც საფრთხე არ არსებობს, კორპუსში ნივთების ასაღებად უშვებს.