საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბროსი ხელაიას ხსენების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ის დიდი მოღვაწე და თავდადებული იყო.
„გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. მისი ლოცვა შეგვეწიოს. ეკლესიამ აღიარა ის, როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი, მაგრამ დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია. დღესასწაული ამერიკის სამღვდელოებისა, ქართველი სამღვდელოებისა, მე ვულოცავ ეპისკოპოს საბას, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის ეკლესიას. ეს მრევლი და სამღვდელოება იყო დაარსებული მეუფე დიმიტრის მიერ, ბათუმის მიტროპოლიტის. ჩვენგან წავიდა დიდი დელეგაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ამ ზეიმში“, - ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, ილია II-მ რამდენიმე გვარი დალოცა. ამასთან, დღესვე პატრიარქმა საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები და მისი ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე დალოცა.
„ღმერთმა დაგლოცოთ სპორტსმენები. ჩვენ ვამაყობთ თქვენი მოღვაწეობით, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა“, - ბრძანა პატრიარქმა.
ასევე, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით იღუმენი სპირიდონი (აბრალავა) აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში.