logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია
- +

20 ოქტომბერი. 2019. 15:20

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

 

შემაჯამებელი შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გაიმართა. მინისტრმა ღონისძიებებში ჩართულ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის რაოდენობა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მიყენებული ზარალი. უწყების ცნობითვე, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო მომავალ წელსაც გააგრძელებს.

 

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია. ჩვენ გადავარჩინეთ, ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და მთავარი ამოცანაც ზუსტად ეს იყო. მადლობას ვუხდი ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებებში, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელიც გვიწევდა ტექნიკურ დახმარებას, გვეხმარებოდა ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში და მრავალი ქვეყანა იზიარებს მის წარმატებულ გამოცდილებას. ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით საქართველო სხვა რანგში გადავიდა; ჩვენ უკვე შეგვიძლია მნიშვნელოვან გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს შევძელით თხილის კულტურის დაცვა და მაღალი ხარისხის მოსავალი მივიღეთ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ვიმედოვნებთ, რომ წელს ექსპორტი 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ჩვენი სამომავლო ამოცანაა, ფაროსანას პოპულაცია გავაკონტროლოთ და მოსავალი გადავარჩინოთ, რაც 2019 წელს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს 391 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 282 930 ჰექტარი; ცივი შესხურებით - სოფლების, სიმინდის ყანების და ტყის პერიმეტრის 141 611 ჰექტარი ფართობი. სოფლების ტერიტორიებზე განთავსდა 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

 

„აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ დაიწყო მავნებელთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. მათი და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენელების ჩართულობით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა; გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორი ორგანიზაციებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner