logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს
- +

7 ივნისი. 2016. 17:58


„2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს უმთავრესი საგზაო არტერიები იყოს დასრულებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ გზის ეს მონაკვეთი დღეს იხსნება, ვინაიდან საქართველოში ბევრი ტურისტია ჩამოსული და როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე სტუმრები ამ გზით ისარგებლებენ.



მისივე თქმით, „Check in Georgia"-ს ფარგლებში, იგეგმება დიდი კონცერტი ბათუმში და უკვე შესაძლებელი იქნება ამ გზით სარგებლობა.

 

 

მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, ძალიან შორსმიმავალი გეგმები. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმების ფარგლებში სივრცითი განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს პრიორიტეტს და ამის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავხსნათ - რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება რეალური სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, 2020 წლის დასასრულისთვის (და ეს ასე ნამდვილად არ იყო დაგეგმილი) ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს უმთავრესი არტერიები იყოს დასრულებული. ამ პერიოდისთვის ანაკლიის პორტის პირველი ფაზა და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ-სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები იქნება დასრულებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, ასევე დასრულდება ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები, კერძოდ, სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით, ქუთაისი-აბასთუმნის გზა.



ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც დამაკავშირებელი იქნება ყველა წერტილთან. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზის, ვინაიდან ამას გააჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება - უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, გარდა ამისა, რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებააა დაგეგმილი, „ეს ყველაფერი საქართველოში განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს მოიტანს".



პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობას გაუსვა ხაზი და მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკს და პროექტში ჩართულ სხვა ინსტიტუტებს მადლობა გადაუხადა.



ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ასეთ პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი.



ჩვენ დაწყებული გვაქვს ბევრ პროექტზე ერთდროულად დიზაინის და წინასწარი კვლევების ჩატარება. მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ჩვენ დიდი ნაწილი აქედან დასრულებული გვექნება და ძალიან ბევრი პროექტი ერთად დაიქოქება. სწორედ ეს იქნება საქართველოს, როგორც აბრეშუმის სარტყლის შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა. მჯერა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ ძალიან მიზანმიმართული, აქტიური მუშაობით. 24 საათი უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის მშენებლობაზე 500-ზე მეტი ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული.



მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საცხოვრებელი ადგილის მიტოვების გარეშე შოულობენ თავიანთ სარჩო-საბადებელს, თავიანთ ოჯახებს ინახავენ. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საგზაო არტერიების განვითარებასთან ერთად, განვითარდეს ჩვენი ქვეყნის რეგიონები და სატრანზიტო ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ავაგუგუნებთ საქართველოს და ეს დღე არის ამის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნას პრემიერთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner