იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მუდმივი წევრობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კანდიდატისგან სამართლის და სამართლიანობის შეფასებით და აღნიშნული საკითხზე მისი ხედვებით დაინტერესდა.
„სამართალი და სამართლიანობა თავის შინაარსში ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ კონტინენტური სამართლის პირობებში ვიმყოფებით, სამოსამართლეო სამართალი ამ კანონმდებლობის პირობებშიც კი, საკმაოდ მნიშვნელოვან ბერკეტებს იძლევა იმისთვის, რომ იქ სადაც სამართალი და სამართლიანობა, მოსამართლის ხედვით, ერთმანეთს არ ემთხვევა, გამოიყენოს თავისი მექანიზმები, სადაც ის, ამ ორ მნიშვნელოვან საკითხზე, პრობლემას დაინახავს. ანუ კვეთას დაინახავს, რომ სამართალი არ არის სამართლიანი. თქვენ თუ გქონიათ პრაქტიკაში ასეთი კონკრეტული მოცემულობა ან როგორ თვლით - რამდენად უნდა გამოიყენოს მოსამართლემ და იყოს აქტიური ამ კუთხით, რადგან მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო სივრცე არ არის იდეალური, ყოველთვის ხდება მისი სრულყოფა და ამაში სამოსამართლეო სამართალი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.