„TBC ბანკმა“ „პროგრესბანკის“ შესყიდვისას ჩატარებული აუდიტის დროს მხოლოდ ფასთან შესაბამისობა დაადგინა“, - ამის შესახებ „TBC ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ „იმედის კვირასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
იმედის კვირის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ „TBC ბანკმა“ „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის დროს ჩაატარა აუდიტი. თუმცა კვლევის საგანი არა ბანკის საქმიანობის შესწავლა, არამედ ღირებულების ფასთან შესაბამისობა იყო.
კითხვაზე - აუდიტორული კომპანიის დასკვნა ეხებოდა მხოლოდ ფინანსურ ღირებულებას, თუ კონკრეტულ ტრანზაქციებსაც სწავლობდა, თხელიძემ განაცხადა:
„ჩვენი ძირითადი მიზანია, დავადგინოთ აქტივის ღირებულება, რომელშიც უნდა გადავიხადოთ ფასი ან საერთოდ უარი ვთქვათ. შესაბამისად, ამ შეფასების და ანალიზის ძირითადი მიზანი იყო აქტივების ღირებულების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ აქტივების და ვალდებულებების ღირებულების შეფასება იურიდიული და აუდიტური კომპანიების დახმარებით“.
მამუკა ხაზარაძის ეჭვების დასადასტურებლად, რომ „პროგრეს ბანკში“ ფულს ათეთრებდნენ, „იმედის კვირა“ „TBC ბანკს“ დაუკავშირდა და იმ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიწოდება სთხოვა, რომელიც არც ეროვნულ ბანკში მოიპოვება და არც საზოგადოებას უნახავს თვალით, თუ არ ჩავთვლით „მთავარი არხის“ საგამოძიებო სერიალს, სადაც ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ სიუჟეტი სწორედ ხსენებულ დასკვნაზე დაყრდნობით მომზადდა.
როგორც „იმედის კვირის“ სიუჟეტში აღინიშნა, „თუ დავუშვებთ, რომ მამუკა ხაზარაძის ინფორმაცია „პროგრეს ბანკში“ „საეჭვო“ ტრანზაქციების თაობაზე მართალია, გამოდის, რომ მან პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა“. მისივე ნაამბობის თანახმად, „პროგრეს ბანკის“ ყიდვა უნდოდა, თუმცა საერთაშორისო აუდიტორებმა მხოლოდ ე.წ. ჯანსაღი აქტივების შეძენა ურჩიეს. ყოფილი ბანკირი ეჭვობდა, რომ „პროგრეს ბანკში“ სავარაუდოდ ფულს ათეთრებდნენ. მაშინ არაფერი უთქვამს. იმ ქვეყნის კანონით, სადაც მამუკა ხაზარაძე ცხოვრობს, დანაშაულის შეუტყობინებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე, როგორც ფულის გათეთრება, რასაც თავად მას ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ედავება. მისი ბრალდების საქმეში მტკიცებულებები უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით, მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება ხაზარაძისა და ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანი ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა იყო, რაც ფულის გათეთრებაა და მისი პრედიკატი დანაშაული თაღლითობა იყო“.
ამგვარად, გაუგებარი რჩება, რა აუდიტორულ დასკვნაზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე.