„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ვალდებულებების შესრულებაზე და წლის ბოლოს დადებს შედეგს“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს, წლის ბოლომდე გადავავადეთ ხელშეკრულების მოშლის თარიღი. იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ეს დღეები სწორედ ვალდებულებების შესრულებაზე და წლის ბოლოს დადებს შედეგს. იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ანაკლიის პორტი, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ანაკლიის პორტი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორის პარტნიორობის სტრუქტურით განსახორციელებული პროექტი.
„ეს არის კერძო და საჯარო პარტნიორობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა და გვირჩევნია, კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში, ამიტომაც მივეცით კიდევ ერთი შანსი. შემდგომში ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე, მაგრამ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ მას მაინც განვახორციელებთ. მოგიწოდებთ, ვაცადოთ ინვესტორს წლის ბოლომდე, მოახერხოს და გააკეთოს თავისი ძალისხმევის კონცენტრირება. იმედი მაქვს, წინ წავწევთ ამ საქმეს“, – განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი მოუწოდებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო ფუჭად არ დაკარგონ.
„მთავრობამ მისცა კიდევ ერთი შანსი კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს წლის ბოლომდე შეასრულონ ვალდებულებები, რაც აკისრიათ ხელშეკრულებით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ სხვა, უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე ხდება ყურადღების გადატანა, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომენტის სწორად ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა, ნაცვლად იმისა, რომ 24 საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მოვუწოდებ, ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.