„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ექსპორტი გაიზარდოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 719.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე და 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
„ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენს საექსპორტო ბაზრებს სწორი მიმართულებით ვავითარებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტი 494.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 3 755.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
რაც შეეხება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მონაცემებს გეოგრაფიულ ჭრილში - ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16.3 პროცენტით გაიზარდა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 620.1 მლნ. აშშ. დოლარი - ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.8 პროცენტი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი გაიზარდა 23.2%-ით და 1430.9 მლნ. აშშ. დოლარი - მთლიანი ექსპორტის 52.6% შეადგინა.
„ჩვენი საექსპორტო ბაზრები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და თუ შევხედავთ, რომელი ბაზარი იზრდება წილობრივად ყველაზე სწრაფად - ეს ევროკავშირის ბაზარია, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოყვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.