„არავინ არასდროს გაურბის შეკითხვებზე პასუხებს. ამაზე აჟიოტაჟის ხელოვნურად აწევა, უბრალოდ სპეკულაციაა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის კრიტიკას უპასუხა, რომ მთავრობას დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
„მიმდინარე ოკუპაციის თემა არის ის მთავარი თემა, რომელზეც მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი სახელმწიფო აპარატი, კომპეტენიციიდან გამომდინარე პირადად მეც თითოეულ ეპიზოდზე ვარ ჩართული. მედიასთან შეხვედრის წინაც, სხდომაზეც არაერთხელ ვთქვი, ატოცში ფიზიკურად არაერთხელ ვარ ნამყოფი და არავინ არასდროს გაურბის შეკითხვებზე პასუხებს. ამაზე რაღაცა აჟიოტაჟის ხელოვნურად აწევა, უბრალოდ სპეკულაციაა და საერთოდ ამაზე აღარც კომენტარი მიმაჩნია სერიოზულად. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, იქ ხალხი ცხოვრობს და დღეს, მიუხედავად ამ მძიმე ეპიზოდის, რაც ჰქონდათ ორი დღის წინ, სადაც ღობეები გააკეთეს, ადამიანები საკუთარ მამულს ამუშავებენ. ამ მძიმე პირობებში, ხალხი თვითონ ახერხებს იმას, რომ ცხოვრება გააგრძელოს, მიწაზე დამაგრდეს და ის ყველაზე კარგად გრძნობს, რა სჭირდება. ჩვენ მათ გვერდში ვუდგავართ. ჩვენი პასუხი მათ შორის ეს არის საგარეო ზომებთან ერთად, რომ ატოცელებს დავუდგეთ გვერდზე. იქ არაერთი პროექტი განხორციელდა და მე დღეს კომიტეტის სხდომაზე ასევე ვისაუბრე, თუ რა ხდებოდა გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში, რას ვაკეთებთ 116 სოფელში, 50 000 ადამიანის დასახმარებლად და რას გავაკეთებთ მომავალში. დიახ, მეტი განვითარება, მეტი განათლება, მეტი დახმარება იქნება ჩვენი ქმედითი პასუხი მავთულხლართებზე, გარდა მთელი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმებისა, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად განახორციელებს საგარეო ასპარეზზე და შინ. ამით სპეკულაციის შესაძლებლობას ნამდვილად არავის მივცემთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.