ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის გარჩევას ვერ დაიწყებს პირდაპირ ეთერში, რადგან ეს შეუძლებელია, თუმცა მისი თქმით, დღეს სასამართლო არის თავისუფალი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის იღებს.
ექს-პრემიერის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" არჩევნებს უნდა შეხვდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის.
„დღეს არ მინდოდა გამეხსენებინა, რომ თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესებიდან, თუმცა ეს არ არის ჩემთვის საინტერესო", - მიმართა ივანიშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს.
მისივე თქმით, 9 წლის განმავლობაში სასამართლო არ არსებობდა, მოსამართლეები დამონებული ჰყავდა პროკურატურას და დღეს სასამართლომ თვითაღდგენა დაიწყო.
„დამონებული ჰყავდათ მოსამართლეები, ციხეები გატენილი იყო ხალხით, ართმევდნენ ყველაფერს, კლავდნენ და აწამებდნენ ვისაც უნდოდათ. ამას „აპრავებდნენ" „რუსთავი 2"და სხვა ტელევიზიები. დღეს სასამართლოთი გელაპარაკებიან თქვენ და არა მუშტი-კრივით და წამებით. 9 წლის განმავლობაში შავს თეთრად აჩვენებდით. დღეს კეთილი ინებეთ და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდეთ. ერთადერთი ინსტანციაა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს.
რა უნდა გვარამიას? გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც „იმედის" ჟურანალისტები იატაკზე გართხმული იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. დღეს გამოდის და თავისუფალი მედიის სიმბოლოდქცეულ „რუსთავი 2"-ს იცავს. ყარამანიშვილები აღარც კი ბედავენ გამოსვლას. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს, როგორ მოგწონთ ეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.