12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მეტროსადგურ "გოცირიძეზე" დღეს, მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. იგი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მოზარდი იაშვილის კლინკაშია გადაყვანილი.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკის მედიკოსმა განუცხადა, მოზარდს ექსკორიაციები ხელების და სახის არეში აღენიშნება. კომპიუტერული კვლევის მიხედვით, პაციენტი ამ ეტაპზე, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. კომა 4 ქულით შეფასდა.
"მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა“, - განაცხადა ექიმმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს. რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის სასჯელს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე შეზღუდვით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.