„საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულ თვითმკვლელობათა ძირითადი მიზეზი წარუმატებელი აზარტული თამაშებია", -ამის შესახებ „აფბა"-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს.
საქართველოში დღესდღეობით ათამდე ონლაინ-კაზინოა. მათგან ოთხი („აჭარაბეთი", „ევროპაბეთი", „კრისტალბეთი" და „ლიდერბეთი") ყველაზე მსხვილი და შესაბამისად, მაღალბიუჯეტიანია. თუმცა ჩვენთვის უცნობია, როგორია ყოველწლიურად ონლაინ-კაზინოების მოგება და რა მაქსიმალურ თანხას აგებენ მოთამაშეები.
ზურაბ კუკულაძის განცხადებით, ქვეყანაში ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებული რეგულაციების არქონა უამრავ პრობლემას წარმოშობს. მისი თქმით, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ეს სფერო მკაცრი რეგულაციების ქვეშაა.
„არსებობს სივრცეები, სადაც ონლაინ-კაზინოების მიმართ კანონმდებლობა ლიბერალურია. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის ამერიკა და ევროპის ის განვითარებული ქვეყნები, რომლებისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ინტერნეტის კონტროლი სრულად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. შესაბამისად, ონლაინ-კაზინოების აკრძალვას ვერ მოვითხოვთ, მაგრამ ამ სფეროში უნდა არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, დაწესდეს წაგების ლიმიტი, აღნიშნულ ბიზნესს დაეკისროს მაღალი გადასახადები, მოხდეს მოთამაშის მკაცრი და ასპროცენტიანი იდენტიფიცირება". - განმარტავს „აფბა"-ს ანალიტიკოსი.