logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ამ თემაზე ისტერიკა და ნერვიულობა არ ღირს…
- +

25 ოქტომბერი. 2019. 10:53

 

„ვფიქრობ, NATO-სთან დაახლოება ნელი ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს, ინტენსიური და აქტიური უნდა იყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან“,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„დავიწყოთ იმით, რომ თუ თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე აგრესიული მოქმედებები გააგრძელა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს მის ეკონომიკაზე, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და დაგვაზარალებს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, საქართველოს ამ ვითარებაში სიფრთხილე მართებს. ჩვენ არ ვართ ამ პროცესების მონაწილე, ამიტომაც ჩვენს ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან საჭიროა ზომიერი პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, ნამდვილად არ არის სასიამოვნო NATO-ს ორ ქვეყანას შორის შექმნილი ვითარება, თუმცა, ჯერჯერობით რაიმე ფატალურიც არ მომხდარა, შესაბამისად მეეჭვება, ამან განსაკუთრებული უარყოფითი  გავლენა მოახდინოს ჩვენს დასავლურ მისწრაფებაზე, რომელსაც, თავის მხრივ, ორი - პოლიტიკური და სამხედრო მდგენელი აქვს.

 

თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლებს და დასავლეთისკენ ჩვენს სწრაფვას, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, კრემლის მიერ ომის წინა პირობის შექმნისა და წამოწყებისა და ტერიტორიების მიტაცებისა, საქართველოს მისწრაფებაზე ამას არ უმოქმედია, მეტიც - ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯებიც გადავდგით. საქართველოს აქვს უნიკალური სავაჭრო რეჟიმი. ერთი მხრივ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და, მეორე მხრივ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის წყალობით. ამას როგორ ვიყენებთ და ვიქეცით თუ არა იმ სავაჭრო-ეკონომიკურ პლატფორმად, რომელიც მიმზიდველი იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის, სხვა საკითხია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება NATO-კენ სწრაფვას, ამ ორგანიზაციასთანაც ძალიან სერიოზული თანამშრომლობა გვაქვს. ამის მაგალითია ერთობლივი სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნაც. ამ ყველაფერს ხედავენ მოსკოვიდან და არ მოსწონთ. გვიკვირს ბორდერიზაციის პროცესი, მაგრამ სწორედ ეს არის ამ ყველაფერზე რუსეთის პასუხი.

 

მოსკოვი, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, დღეს რადიკალურად შეცვლილია და ეს მაინცდამაინც აღარ აღელვებს, მაგრამ რაც შეეხება NATO-ს, ამას კვლავაც ეწინააღმდეგება და ამის დასტურია მედვედევის განცხადებაც. ჩემი აზრით, პროცესის ფორსირება არ ივარგებს.

 

ვფიქრობ, NATO-სთან დაახლოება ნელი ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს, ინტენსიური და აქტიური უნდა იყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და უნდა დაველოდოთ შესაფერის დროს NATO-ში  გასაწევრებლად. ამ თემაზე ისტერიკა და ნერვიულობა არ ღირს.

 

აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი ანალიტიკური ცენტრები, მაგალითად, თუნდაც, უსაფრთხოების საბჭოსთან, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიაზე, იმ გამოწვევების ანალიზზე იმუშავებენ, რომლებიც გუშინ გვქონდა, დღეს გვაქვს და ხვალ გვექნება; მოახერხებენ ამ ყველაფრის შეფასებას და პროცესების განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში ხელისუფლების მოქმედების სხვადასხვა ვერსიას შესთავაზებენ. რუსეთისგან ხიფათი მუდმივად არსებობს, რასაც მივეჩვიეთ კიდეც, მაგრამ უნდა შემუშავდეს კონტრღონისძიებების სისტემა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner