logo_geo
eng_logo
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა - მსოფლიო ტრენდის კვალდაკვალ
- +

22 ოქტომბერი. 2019. 21:04

 

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე “რესპუბლიკაში” დღეს, ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაციის (AI GEORGIA) პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც ცალკეული დარგის ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბიზნესისა თუ სახელმწიფოსთვის, ბიზნეს პროცესების გამარტივებისა თუ უსაფრთხოებისთვის.

ასოციაციის მიზანია ასევე, იმ კვლევების ხელშეწყობა, რომელიც საქართველოში ამ პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საშუალებას იძლევა. პირველად საქართველოში, ახლადდაფუძნებულმა AI GEORGIA-მ წარმოადგინა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევა, რომელსაც ქართული ხელოვნური ინტელექტის DIGITAL MIND-ის შემქმნელი, გიორგი ჩახნაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელშეწყობით განახორციელებს.

მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის უნიკალურობა, ამოცანები, მიზნები. ამის პარალელურად, მან დაინტერესებული მეცნიერები კვლევაში ჩართვისთვის მოიწვია. კერძოდ, ის მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს ნახევრად-სტრუქტურული საიტებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება. გამოყენებული იქნება ახლებური "ღრმა სწავლების" მეთოდები, როგორიც არის იერარქიული ყურადღების მექანიზმით აღჭურვილი ნეირული ქსელები. მსგავსი პროგრამები ხშირად მოთხოვნადია კომპანიებისგან, რომლებიც დაინტერესებულები არიან მარკეტის კვლევაში, რადგან მათი აპლიკაციები მოიცავს მსგავს პროცესებს, როგორიც არის ავტომატიზირებული პროდუქტის ინფორმაციის ანალიზი (მაგალითად, ინტერნეტის დიდი ნაწილიდან ყველა პროდუქტის და მათი ინფორმაციის მოპოვება).

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ნინო ენუქიძე, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული პოტენციალი მიმოიხილა და უნივერსიტეტში მიმდინარე ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ ეპოქაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ დაიწყოს მსოფლიო ტრენდის კვალდაკვალ სვლა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, აუცილებელია საჯარო და კერძო სტრუქტურების მიერ, AI -თ დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება და ამ მიმართულებით განათლების ხელშეწყობა, რაც ე.წ knowhow-ს გაზრდის და მოგვცემს საშუალებას, მსოფლიო დონეზე დავიკავოთ მოწინავე პოზიციები.

გაცხადებული მიზნისთვის, AI Gეორგია პირველი იქნება, რომლებიც BTU-ს სიმბოლურად 2500 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, რომელსაც თავის მხრივ უნივერსიტეტი დამატებითი მოტივაციისთვის სწორედ ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადასცემს.

ღონისძიება შეაჯამა AI Gეორგია-ს სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი ბერიძემ, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელია. მან დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის.


ირაკლი ბერიძემ ახალგაზრდა მეცნიერის, გიორგი ჩახნაშვილის კვლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საზოგადოების ფუნქციონირების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება. გამომთვლელი მანქანების სისწრაფის მასიურმა ზრდამ, მონაცემთა სიმრავლემ და ალგორითმების ხელმისაწვდომობამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გააფართოვა მისი დიაპაზონი. ამ ტექნოლოგიის პოტენციალს უკვე იყენებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, ფინანსური, კომუნიკაციების, უსაფრთხოების და მრავალი სხვა სექტორი. ისინი მას ეფექტურობის გასაზრდელად, რესურსების ოპტიმიზაციისთვის, ხარჯების შესამცირებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებენ. ხელოვნური ინტელექტი ასევე, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითრების მიზნების შესასრულებლადაც ეფექტური კონტრიბუტორია და მრავალი პროექტი ინერგება ამ სფეროშიც. ამავდორულად, ხელოვნური ინტელექტი ბევრ რისკთან ასოცირდება, როგორებიცაა მისი კრიმინალების მიერ გამოყენება ან სამუშაო ადგილების პოტენციური ჩანაცვლება ან დაკარგვა. ამ ტექნოლოგიის მთლიანი პოტენციალის გაგება, სარგებლის მაქსიმიზაციისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა ძალზედ მნიშვნელოვანია”.

დაინტერესებულ პირებს კვლევის დეტალური მიმოხილვა შეუძლიათ BTU-ს (www.btu.edu.ge) და AI Gეორგია-ს (www.AIGeorgia.ge) ვებ-გვერდზე იხილონ. პრეზენტაციას 70-მდე პირი დაესწრო, მათ შორის, საფინანსო-საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო და სხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მეცნიერები, აკადემიკოსები და ა.შ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner