ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე, სახელწოდებით „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ , სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის განცხადებით, სატრანსპორტო კავშირები არის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ კავშირების გაძლიერება ყურადღების ცენტრშია, როდესაც საქმე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონალურ ინტეგრაციას ეხება.
მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება საჭიროებს უფრო ძლიერი სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპას შორის.
„ ამ კონტექსტში, საქართველო შეიძლება იყოს ხიდის ამგები აზიასა და ევროპას შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მომხდარიყო ქვეყნის უკეთესი ინტეგრაცია სატრანსპორტო ქსელის გლობალურ და რეგიონალური ღირებულების ჯაჭვად.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი რესურსი იხარჯება.
„რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება - ყველა ეს პროექტი ერთად აუმჯობესებს სატრანსპორტო ქსელის მუშაობას, მნიშვნელოვნად ზრდის მის საიმედოობას და შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის სატრანსპორტო შესყიდვებთან ლეგალურ დაახლოებასა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს. დადებულია 100-ზე მეტი ორმხრივი მთავრობათაშორისი სატრანსპორტო ხელშეკრულება, რითაც საქართველო ცდილობს უფრო მეტად შეუწყოს ხელი საერთაშორისო ტრანსპორტირებასა და მობილობას.
„ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა საზღვრის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად და მისი საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის, რაც ხელს უწყობს საქონლისა და მგზავრების გადაადგილებას და ამის უზრუნველყოიფას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პანელზე გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სატრანსპორტო ინიციატივებში, როგორებიცაა TRACECA, CAREC, Lapis Lazuli, შუალედური დერეფანი.
„ყველა ეს ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. საქართველოს გაუმჯობესებულმა სატრანსპორტო კავშირებმა შეიძლება სარგებელი მოუტანოს არამარტო სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებთაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე, არამედ ჩინეთსა და ევროკავშირს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალი ბაზრების ათვისებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე თქმით, ტრანს-ევროპული ქსელის (TEN-T) გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპა-აზიის კავშირში.
„ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო კავშირები შავ ზღვის პორტებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპაში და ევროპიდან საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვები მინიმალურ დროში განხორციელდეს“, - დასძინა ნათია თურავამ.