''აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს "მუქარის წერილს" რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა კავშირი'' - სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება.
მახარობლიძის თქმით, პროკურატურა ვალდებულია, სასწრაფოდ და დროულად შეისწავლოს ეს საქმე:
"აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს საზოგადოებამ გაიგოს ე.წ. ,,მუქარის წერილს“ რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა რაიმე კავშირი. რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე არაერთი ვერსია მოვისმენეთ მის შინაარსთან, მიზანთან თუ ავტორთან დაკავშირებით. როგორც წერილის ადრესატი იტყოდა, დამთავრდა საქმეების თაროზე შემოდების დრო და პროკურატურა ვალდებულია სასწრაფოდ და დეტალურად შეისწავლოს ეს საქმე. ჩაუტარეთ ექსპერტიზა ამ წერილს, მისი მდგომარეობის მიუხედავად, და გაგვაგებინეთ მართალია ხაზარაძე თუ ცილისწამებასა და ცრუ დასმენასთან გვაქვს საქმე", - წერს თამარ მახაეობლიძე სოციალურ ქსელში.
დღეს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის "მუქარის წერილთან" დაკავშირებით გამცხადება გაავრცელა.
2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.
მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.