სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხია საზოგადოებაში არსებული ფობიების აღმოფხვრა, მათ შორის რუსოფობიის.
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას გრიგოლ ლილუაშვილმა ქუთაისში, რუსული თეატრალური დასის გასტროლების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნული ფაქტი უარყოფითად შეაფასა.
მისი შეფასებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა მიიღო თავისი კოლეგა, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი დრამატული დასი, სადაც ქართველი აქტივისტები მიცვივდნენ და სპექტაკლის ჩაშლას შეეცადნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სტუმრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
"ასეთი ფობიები რა თქმა უნდა არ წაგვადგება შედეგის მიღწევაში, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ სეგმენტზე გათვლილი გულის მოსაფხანი რეაქციები. თუ კი, იმ 9 მილიონი ტურისტიდან ნახევარზე ცოტა მეტს, რუსულენოვანი სამყაროდან ჩამოსულს გაშლილი ხელით, ღვინით, ჩვენი ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობით დავხვდით, რატომ უნდა დავხდეთ აგრესიით ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც სპექტაკლი აქვთ ქუთაისში ჩამოტანილი", - აცხადებს ლილუაშვილი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა მეტი დისკუსია, მეტი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რათა არჩეულ იქნას ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანას ფონს გაიყვანს და არა ჩიხში მოგვაქცევს.
"ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება. ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ, აგრესია გვაქვს და არ ვეთანხმებით რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რაც ბუნებრივია", - განაცხადა ლილუაშვილმა.