სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ იდეოლოგია "ყველა ციხეში", დამღუპველია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ციხეში უნდა იყვნენ მხოლოდ განსაკუთრებული რისკის და საფრთხის მატარებელი ადამიანები, დანარჩენები უნდა ქმნიდნენ დოვლათს, დემოკრატიულ ღირებულებებს და ემსახურებოდნენ საკუთარ სამშობლოს.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" საღამოს ეთერში განაცხადა, თუ სასწორზე დავდებთ უსაფრთხოების რისკებს და მეორეს მხრივ კონკრეტული ინდივიდების აღიარებულ უფლებებს, მაინც უსაფრთხოების სასარგებლოდ უნდა გადავიხაროთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მთავრობამ ეს არგუმენტი დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოს.
"სწორი ბალანსი ყოველთვის არის მოსაძებნი. წინა ხელისუფლების დროს, უსაფრთხოების ეგიდით ფეხქვეშ იყო გათელილი ნებისმიერი უფლება, რომელიც ადამიანს მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით. "ყველანი ციხეში" - ეს იყო დევიზი იმ მთავრობისა, მე არ ვისურვებდი მომავალში მთავრობებს, რომელთაც მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის ექნება სასწორის პინა გადახრილი", - განაცხადა ლილუაშვილმა.