logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენი ხედვა და პოლიტიკა გახსნილობასა და უცხოური ინვესტიციებისთვის უპირატესობის მინიჭებას ეფუძნება
- +

23 ოქტომბერი. 2019. 13:06

 

 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

 

მინისტრმა აღნიშნული მიმართულებებით მთავრობის ხედვა წარადგინა.

 

„საქართველო არ გახლავთ რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი გავხდეთ, ჩვენი ბიზნესმოდელის, ბიზნესკლიმატის ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას და უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის. იმ თვალსაზრისით, რომ ასევე ვიყოთ ლიბერალური და მიმზიდველი, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. ჩვენ კარგი მაჩვენებლები გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. გაგვაჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელ რეგიონში და საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების თვალსაზრისით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მაჩვენებლებით, ჩვენ შემდეგი ხუთი წლის პერსპექტივით, საშუალოდ 5 პროცენტი ვიზრდებით, რაც ძალიან შთამბეჭდავია და კარგი ინდიკატორია, ასევე კარგი გზავნილი ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო ღირებული ადგილია, სადაც ინვესტირებაა შესაძლებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

 

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არ წარმოადგენს მთავრობის ერთადერთ აქცენტს და მთავარი აღნიშნული ზრდის ტემპების ინკლუზიურობაა.

 

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული და ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკის. როგორც პრემიერმა , გიორგი გახარიამ თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ხარისხიც უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფორმებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, თემატურ პანელზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისი ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„მინდა, გავაჟღერო თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგი, რადგან ეკონომიკური ზრდა ჩვენთან ძირითადად ექსპორტითა და ინვესტიციებით არის წახალისებული, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების ეტაპობრივი შესრულებით. ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ევროპის სტანდარტებთან გახლავთ ძირითადი საფუძველი ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის, ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის და ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენებისთვის, რასაც ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულება გვაძლევს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner