logo_geo
eng_logo
გიორგი ისაკაძე: ბერა ივანიშვილს არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას
- +

23 ოქტომბერი. 2019. 14:31

 

 

„ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, გააკეთოს დონაცია ამაზონის ტყეების და ჯუნგლების გადასარჩენად, ბოლო დონის გოიმობა მგონია, უპატივცემულობა და პირველ რიგში უსაქმურობის გამოვლინებაც. ბერა ივანიშვილს ამისთვის არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია  და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას,რასაც სწირავს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - ამის შესახებ „BMG“-ის  დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა და ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა.

 

„გუშინ, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე და ჩემმა კოლეგებმა, მე მგონი, უფრო მეტი მომიყვნენ გამოხმაურება ბერა ივანიშვილის ამ ვიდეოზე, ამაზონის ტყის უმძიმეს ხანძართან დაკავშირებით, სადაც პლანეტის ჟანგბადის გამომუშავების და  სიმწვანის თუ არ ვცდები 20 %-ია თავმოყრილი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ძალზე  ხშირად ბიძინა ივანიშვილს, რაშიც ვერც ადრე, ვერც ახლა და ვერც მომავალში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან არასდროს შეგვპარვია ჩვენს სიტყვაში ეჭვი, შესაბამისად კრიტიკაში და სიმართლეში. ასევე ეს კრიტიკა არასდროს გასცდენია ჩვეულ საქმიან ტონალობას, კონკრეტულ და არგუმენტირებულ პრეტენზიებს მის  მიმართ. ქირქილი ან დაცინვა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, გააკეთოს დონაცია ამაზონის ტყეების და ჯუნგლების გადასარჩენად  ბოლო დონის გოიმობა მგონია, უპატივცემულობა და  პირველ რიგში უსაქმურობის გამოვლინებაც. ბერა ივანიშვილს არც სახელმწიფო ფული გამოუყენებია ამისთვის და არც არავის ჯიბიდან იღებს ამას, რასაც სწირავს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. მინდა ვთქვა მათ გასაგონად, ტროლები თუ ბოტები, ხორციელი თუ უგულო, უფრო  მეტად უტვინო ადამიანების გასაგონად, რომ ამ კრიტიკასაც უნდა ცოდნა და რაც მთავარია, ისიც უნდა იყოს ღირსეული, ადეკვატური და ზრდილი . ამას თუ ვერ ან არ ახერხებ, გააგრძელე ჭორაობა, თან უსაქმური და უსაგნო, რადგან საქართველოს ცხოვრებაში მარადიული იქნება მხოლოდ გოიმობა და ჭორაობა, საქმე ნაკლებად. საქმე საქმეზე რომ დგება, ყველა იქ ხართ, სადაც ჯერ არს. ჯერ კიდევ ჩვენი უფროსი თაობის დიდმა ნაწილმა სულ სხვისი ფულის და სამთავრობო ავტომობილების თვლაში გაატარა ცხოვრება და 21-ე საუკუნეში უბნის ბირჟები სოცქსელებმა ჩაანაცვლეს, თუმცა, არ შეცვლილა არც დამოკიდებულება, არც შეფასებები და რაც ყველაზე გულსატკენია, არ შეცვლილა გონება და ტვინი. საქმეს მივხედოთ, რომ საკუთარი დავთვალოთ, მეტად შეძლებული ვიყოთ, ვიდრე სხვა, რომ უკეთესი ან უფრო ეფექტური დახმარება შევძლოთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. არა ზარმაცების ან ბაქიების, არამედ ვისაც უჭირს ან შრომა, ან უნარშეზღუდულია. ბოდიშს ვიხდი დილის სადღეგრძელოსთვის, მაგრამ ვერ მოვითმინე, სხვანაირად არც შემიძლია და ესაა სიმართლე ჩემგან და მიიღეთ როგორც არის“, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ფეისბუქ-გვერდზე ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,1 მილიონი დოლარი შესწირა.

 

„ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ“ , - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა, რომელსაც სურს დაეხმაროს თავის ბრაზილიელ მეგობრებს.

 

„იმის მიუხედავად რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმაც ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით ოჯახის წევრივით, მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო, გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო მილიონ ასი ათასი დოლარი, რაც საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც აქ არის. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ“, - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner