„პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც გვენეტაძეს „პროგრეს ბანკის“ ტრანზაქციებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
გვენეტაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის გარეშე არც ერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება. მისი განმარტებით, თავად ბანკმა უნდა აკონტროლოს ტრანზაქციები და დანაშაულის აღმოჩენა და გამოძიება სებ-ის ფუნქცია არაა.
„საქართველოს საბანკო სექტორში წლიურად ათეულობით მილიარდი ლარის ტრანზაქცია ხორციელდება. არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეროვნული ბანკი ყველა ტრანზაქციის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ეს შეუძლებელია. თითოეული ტრანზაქციის კონტროლი არის თავად ბანკის მოვალეობა. ეროვნული ბანკი იმ პოლიტიკასა და პროცედურებს ამოწმებს, რომელიც კომერციულ ბანკებს გააჩნიათ და ასევე შერჩევითი მეთოდით იდენტიფიცირებულ ოპერაციებს ამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბანკის მიერ სწორად ხდება პროცედურების განხორციელება. თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ამ პროცესში იყო „ფულის გათეთრების“, სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ნიშნები, ამ შემთხვევაში შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს აცნობებს. „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. ეროვნულ ბანკში არ მუშაობენ გამომძიებლები, პროკურორები, აქ მუშაობენ მაკროეკონომისტები, ზედამხედველები. ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის „ფულის გათეთრების“ ან რაიმე სხვა ფაქტის, როგორც დანაშაულის აღმოჩენა ან გამოძიება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის თქმით, „პროგრეს ბანკის" ტრანზაქციებთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურია.
„კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა" და ამ ტრანზაქციებს შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა“, - აღნიშნა ხაზარაძემ.