თბილისის აბრეშუმის გზის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა.
პანელური დისკუსიების დროს ჩატარდა გამოკითხვა. ორგანიზატორებმა დელეგატებს შესთავაზეს შეკითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით. კერძოდ, შეკითხვაზე, რა არის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის უპირატესობები, დელეგატების 44 პროცენტმა უპასუხა, რომ საქართველო არის რეგიონული ბიზნეს ჰაბი. 32 პროცენტის აზრით, ასეთი უპირატესობაა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების არსებობა. დაბალი გადასახადების ფაქტორზე ყურადღება გაამახვილა 18 % - მა, ხოლო კონკურენტული ფასის სამუშაო ძალაზე აქცენტი გააკეთა 6 % - მა.
შეკითხვაზე, რა მიზნების მიღწევა შეიძლება საქართველოში ინვესტირებით, დელეგატთა 45 პროცენტმა უპასუხა, რომ ამით მოხდება ბაზრის დივერსიფიკაცია, ამდენივემ აქცენტი ხარჯების ეფექტურობაზე გააკეთა, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეების 10 პროცენტმა ჩათვალა, რომ ამით მოხდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმი, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართა, B2B შეხვედრებით დასრულდა. ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.