„ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.
„ამაზონიის ტყეების ხანძარს საერთაშორისო გლობალური კრიზისის სტატუსი აქვს მინიჭებული. არ დარჩა არცერთი ცივილიზებული სახელმწიფო, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით ამ ეკოლოგიური კატასტროფის გადაჭრაში საკუთარი წვლილი არ შეეტანოს. ამაზონიის ტყეები მსოფლიო ჟანგბადის 30 პროცენტს გამოიმუშავებს. შესაბამისად ადვილი გასაგებია, რომ მსგავსი კატასტროფა გავლენას ახდენს მსოფლიოს უკლებრივ ყველა ქვეყანაზე და შესაბამისად საქართველოზეც.
ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის ცალსახად მისასალმებელია, როდესაც საქართველო მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად ბერა ივანიშვილის სახით მონაწილეობას იღებს გლობალური კრიზისის დაძლევაში.
რაც შეეხება, იმ ხალხს ვინც საქართველოს ამ საქმეში მონაწილეობას უსინდისო კრიტიკისათვის იყენებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილების ოჯახის არც უშუალოდ საქართველოს სასიკეთოდ დახარჯულ მილიარდებს და არც საქართველოს გლობალური კრიზისების დაძლევაში მონაწილეობას. მსგავსი ადამიანებისათვის საინტერესო და ფასეულია მხოლოდ და მხოლოდ მათ პირად ანგარიშებზე საეჭვო გზებით მოხვედრილი მილიონები. ბერა ივანიშვილს მადლობა და შემდგომი წარმატებები“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.