24-25 ოქტომბერს, ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაწილეობას მიიღებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.
როგორც "რეპორტიორს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება, ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ.
მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.