საქართველოს მხარდამჭერმა აქტმა საქართველო და ამერიკა გადაიყვანა ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაზე ვისაუბროთ და განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ქართველი და ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ცხადყოფს და საფუძველს უდებს კიდევ უფრო ახლო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
„საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთებულა, არაერთი დოკუმენტი მიღებულა, მაგრამ ამჯერად განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეს აქტი ინდივიდუალურად საქართველოს თემებს ეთმობა და მხოლოდ საქართველოზეა საუბარი. ეს ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრისათვის საქართველოსთან ურთიერთობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს წინ უძღოდა პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული მუშაობა.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით ამ აქტთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის ის თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კარგია, როდესაც ამ შრომას და მონდომებას აქვს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი, როგორიც არის მხარდამჭერი აქტი და რომელსაც მხარს უჭერს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტია. მაშინ, როდესაც ამერიკის კონგრესში, ძალიან მკაფიო პარტიული ხაზები არსებობს ნებისმიერ საკითხში, საქართველო არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს სრული კონსენსუსი და რომელთან მიმართებაშიც ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი, მოკავშირე და რომელთან ერთადაც მათ უნდა დაგეგმონ მომავალი წლების განმავლობაში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.