კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ს ძლიერი პარტნიორი და მეგობარია და საამაყოა ის, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერა განმტკიცდა საკანონმდებლო აქტის სახით.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორისა და რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის რანგში საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გააჩნია.
ბილ კიტინგის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველო ყველაზე დრამატულად წარმოჩინდა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა მის ტერიტორიაზე და რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ, განაგრძობს რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.
„საქართველო დღეს, უკრაინასთან ერთად, ფრონტის ხაზზე იმყოფება რუსეთის წინააღმდეგ და გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის ძალისხმევას რუსეთთან დაპირისპირების საქმეში, რათა ქვეყანამ ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საფრთხეები გაანეიტრალოს, რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლოს და მიზნისკენ სვლა განაგრძოს ძლიერი და სუვერენული დემოკრატიის შენების გზაზე. ვამაყობთ, რომ აქ ვიმყოფებით და ვაგრძელებთ საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული ფასეულობების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“, - განაცხადა კონგრესმენმა თავის გამოსვლაში.