პარლამენტარი ბექა ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეული ქველმოქმედების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, კეთილშობილი განზრახვის გარდა, ალბათ, ძნელია, საღად მოაზროვნე ადამიანმა სხვა რამ მიზეზი ეძებო და ან აღმოაჩინო იმ მოვლენაში, რომელიც ამაზონის ხანძრის შედეგების აღმოფხვრაში, ბერა ივანიშვილის სახით, თუნდაც ერთი ქართველის, ახალგაზრდა მუსიკოსის და ქველმოქმედის მონაწილეობას უკავშირდება.
სამყარო ძალიან პატარაა და არავინ ვართ დაზღვეული ეკოლოგიური კატასტროფებისგან...
მით უმეტეს, რომ ბუნებრივი კატაკლიზმებისგან არავინ ვართ დაზღვეულნი და როგორც წესი, ასეთ დროს მთელი ცივილიზებული სამყარო ხელიხელჩაკიდებული იბრძვის ჩვენი საერთო სახლის გადასარჩენად!“ - წერს ბექა ოდიშარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბერა ივანიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც საუბრობს, რომ საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.