რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
როგორც "რეპორტიორს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 29 იანვარს, დმანისის რაიონის სოფელ ჯავახში, გ.ბ.-მ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გ.ა.-ს მუცლის არეში დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ა. გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა გ.ბ. 2019 წლის 30 იანვარს ქ. დმანისში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.