logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: „ლელოს“ დამფუძნებლებს ჰგონიათ, რომ მყვირალა განცხადებებით რეიტინგულები გახდებიან
- +

24 ოქტომბერი. 2019. 21:04


ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.

 

ახლად შექმნილი პოლიტმოძრაობალელოს“ ყველა განცხადება, რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლებს რატომღაც ჰგონიათ, რომ, რაც უფრო მყვირალა განცხადებებს გააკეთებენ და მწვავე კრიტიკაზე გადავლენ, უფრო რეიტინგულები გახდებიან. მაგრამ კრიტიკასაც ხომ გააჩნია... ამ სტრატეგიით ისინი ჰგვანან „ნაცმოძრაობას“, რომლისთვისაც კრიტიკა, უბრალოდ, თვითმიზნად არის გადაქცეული. რაც მთავარია, ამ კრიტიკის სტრატეგიაში არც ტყუილზე და არც დემაგოგიაზე არ ამბობენ უარს...

 

ამის ნათელი მაგალითია ბადრი ჯაფარიძის, თუნდაც დღევანდელი განცხადება, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ, გამოხატული აშშ დოლარში არ გაზრდილა, რაც მან უყაირათობისა და არაეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირებას და ქვეყნის კატასტროფასაც კი შეადარა.

 

აქედან გამომდინარე, არც ამჯერად ვაპირებ, „გავატარო“ მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის ახალი „მარგალიტი“, მით უმეტეს შეგნებულად გაკეთებული.

 

ბადრი ჯაფარიძისგან ამ სახის განცხადება სხვას რას უნდა მივაწეროთ, თუ არა ზემოაღნიშნულ სტრატეგიის გამოხატულებას, რადგან მან კარგად უნდა იცოდეს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დაანგარიშება აშშ დოლარში არის პრინციპულად არასწორი, რადგან ქვეყანაში, სადაც ანგარიშსწორების ერთეული არის ლარი, პროდუქციის გამოშვება ლარით იზომება და არა უცხოური ვალუტით. რადგან ლარზე მიდგა საქმე, შევნიშნავ, რომ 2014-2018 წლებში მშპ გაზრდილია 29 მლრდ ლარიდან 41 მლრდ ლარამდე, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდა ამ წლებში საშუალოდ 4%-ით არის გაზრდილი, რაც რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იგივე შეიძლება ითქვას მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების თვალსაზრისითაც, რაც გაზრდილია 7,8 ათასი ლარიდან 11 ათას ლარამდე, ანუ მთელი 41 %-ით.

 

მისი გულისწუხილი კიდევ გასაგები იქნებოდა შედარებისათვის მშპ-მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რომ დაეანგარიშებინა უცხოურ ვალუტაში, რაც 6000 აშშ დოლარიდან 11 485 აშშ დოლარამდეა გაზრდილი და რაც გაცილებით უფრო ადეკვატურად ასახავს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს უცხოურ ვალუტაში, მაგრამ, როგორც ამ მონაცემებიდანაც ჩანს, 2012 წლიდან 2018 წლამდე იგი პრაქტიკულად გაორმაგებულია. ბუნებრივია, ჩვენ დღეს თუნდაც ამ მონაცემითაც, ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ზრდის ტენდენცია მცირე სულაც არ არის. ამას ადასტურებს ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივის ყველა საერთაშორისო შეფასება, მათ შორის ბოლო პერიოდში ყველა წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების გაზრდილი რეიტინგები, რაც პირველ რიგში სწორედ ზრდის ფაქტორიდან და ასევე სხვა ფუნდამენტური მაკროფაქტორებიდან გამომდინარეობს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ უყაირათობისა და არაეფექტურობის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირებაა ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner