20-21 ივნისის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელის გიორგი ესიაშვილის ადვოკატის ზაზა არჩვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს იმ ბრალდებას, რომელსაც გამოძიება უყენებს და თავს დამნაშავედ სცნობს.
იგი სასამართლომ დღეს 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ასევე აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე.
პროკურორ ლაშა ცხვიტარიას თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ გამოძიების საწყის ეტაპზევე გიორგი ესიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის გამოყენება, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ მიიღო მხედველობაში და გიორგი ესიაშვილის მიმართ გამოიყენა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბრალდებულმა საჯაროდ აღიარა აღნიშნული დანაშაული და ამ ეტაპზე დაწყებულია არსებითი განხილვის სხდომა, თუმცა, მისი დაკითხვა ჯერ არ მომხდარა უშუალოდ სასამართლო სხდომის ეტაპზე. ბრალდებულს ამ ეტაპისთვის ოფიციალურად არსად დაუფიქსირებია, რომ არ უნდა ესროლა, თუმცა, არსებითი განხილვის სხდომაზე, ბუნებრივია, მოხდება მისი დაკითხვა. მან აღიარა, რომ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ეს ყველაფერი ჩაიდინა იარაღის გამოყენებით და ძალადობით“, - განაცხადა პროკურორმა.