„არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მეტოქეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
"ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა "ნაციონალურ მოძრაობაზე", როგორც საფრთხეზე. ეს ასეცაა, რადგან ხელისუფლებაში იმ 40%-თაც რომ დაბრუნდეს, უკვე საფრთხეა. ნუ დაგვავიწყდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ", 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი დასავლეთი გადაჰკიდა. თუ მას მთავარი ოპოზიციის სტატუსი შერჩება, ასევე გააგრძელებს და საუბარი სულ პოლიტიკურ დევნაზე იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისი თქმით, საეჭვოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი მოიპოვოს.
"მეეჭვება, რომ ნაცმოძრაობამ მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსი მოიპოვოს. ბევრი პარტიაა, რომლებიც როცა პარლამენტში შევლენ, შესაძლოა, იქ ისეთი გაერთიანება მოახდინონ, რომ ეს სტატუსი დაიკავონ. მაგალითად, ბურჭულაძე, "პატრიოტთა ალიანსი" და მეჭიაური. მეჭიაური შესაძლოა, სერიოზული მოვლენა გახდეს. მითუმეტეს - დასავლეთის შეცდომების ფონზე. ერთ-ერთმა უცხოელმა დეპუტატმა თქვა, რომ თურმე, ვიზალიბერალიზაცია იმიტომ არ გვეძლევა, რომ აქ დემოკრატიის დეფიციტია. ამას რომ მოსახლეობას ეტყვი, რომელიც ხედავს, რა როგორ არის, შეტრიალდება და ხმას მეჭიაურს მისცემს", - განაცხადა პოლიტოლოგმა.
როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტების ინტერესი იმაზე მიუთითებს, რომ ივანიშვილი რიგით მოქალაქედ არ აღიქმება და მთელ მოსახლეობას მისდამი სხვა დამოკიდებულება აქვს.
"ივანიშვილი სულ უსვამს ხაზს იმას, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს იმ მოსახლეობის მიმართ, რომელმაც მმართველი პარტია ხელისუფლებაში მისი ხათრით მოიყვანა. ამდენად, ივანიშვილის არსებობა გარკვეული გარანტიაა იმისა, რომ ხელისუფლება მოსახლეობის ძახილს ყურად იღებს. ივანიშვილი რომ არ იყოს და ეს გუნდი თავისი გემოვნებით წავიდეს, შესაძლოა, საარჩევნო პროცესში ბევრი მოჭიდავე ჩაერთოს. ივანიშვილი ამ რაღაცებს ასწორებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.