ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში სახალხო ზეიმი გაიმართა. ჩაისუბნობა ამ მხარეში 2015 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოლკლორული ნამუშევრები, ადგილობრივებისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული სამზარეულოს ნიმუში - აშურა.
სახალხო ზეიმს დაესწრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მერი, მოადგილეებთან ერთად. ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ადგილობრივებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა:
„ეს ადგილი ყველაზე ღირსეული არის იმით, რომ პირველ რიგში არის ისტორიული და ამ ისტორიულ ადგილას ვზეიმობთ ძალიან ლამაზ დღეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ დავინახეთ რომ დიდი თვისება და დიდი თანმდევი ნიშანი ამ სოფლის ეს არის ფოლკლორი, ეთნოფორი. ყველაფერი ალბათ შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო დღეს გადაწყვეტილი, საოცრად მაღალ დონეზე შესრულებული ქალთა ხორუმი, ის დიდი ნაზავი, რომელიც ამ სოფლისთვის დამახასიათებელი ძალიან დიდი კულტურაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ამდიდრებს ამ სოფლის ძალიან დიდ მნიშვნელობას. ჩვენთვის როგორც ტურისტულად მზარდი მუნიციპალიტეტისათვის ჩაისუბანი დღითიდღე ხდება ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია ტურისტებისათვის. ამ სოფელს გააჩნია თვისება, როცა აქ მოდიხარ გიჩნდება ძალიან დიდი სიყვარული, სითბო. ყოველთვის გაქვს იმის დიდი სურვილი დაბრუნდე ამ საოცარ ხალხთან, ამ ადგილას. სწორედ ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ამ სოფლის განვითარებისთვის. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეირჩეს ლოკაცია, განვითარდეს ყველა ადგილი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების და წინსვლის წინაპირობა იქნება“.
შეკრებილებს მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მითხრეს, რომ სულ რაღაც ოთხი წელია რაც დააარსეთ ეს დღესასწაული. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს დღე კიდევ უფრო ხალხმრავალი, კიდევ უფრო სახალხო გახდება. ტრადიციების შენარჩუნება, მათი გაფრთხილება არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. მიხარია, რომ თქვენი ძალებით , აქ, ადგილზე ასეთი ლამაზი წარმოდგენა გვაჩვენეთ. ამისთვის მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.