„ვაპირებთ, ყველა ის საკითხი, რაზე სასაუბროდაც დღეს მოვედით, ძალიან პრინციპულად დავაყენოთ, რათა არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე“, - ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ტექნიკური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მან ისაუბრა იმ მთავარი საკითხების შესახებ, რაზეც შეხვედრაზე იქნება მსჯელობა. ანთაძემ უპასუხა კითხვას, შეეხება თუ არა საუბარი ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უსაფრთხოების“ შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახლავთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები. რასაკვირველია, გუშინდელი შემთხვევაც იქნება ძალიან აქტიური განხილვის საგანი. შევეხებით ასევე გადასასვლელების გადაკეტვას, რაც განახორციელა საოკუპაციო რეჟიმმა, ვინაიდან ეს მათვე პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, ისევე, როგორც გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ხელი შეეშალა რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, რადგან საოკუპაციო ძალების ნებისმიერი აქტივობა კარგად ორკესტრირებულია და პროცესი არის ერთი. ამიტომ, სხვადასხვა კონტექსტში ამ პროცესების განხილვა მე მგონი, სწორი არ იქნება.
დღესდღეობით ერთადერთი გარანტია, რაც უზრუნველყოფს ადგილზე შედარებით სტაბილურ გარემოს, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების კონსტრუქციული პოზიცია და ასევე, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების აქტივობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. პროცესი მიმდინარეობს, სამართალდამცავი სტრუქტურები წარმოდგენილი არიან ადგილზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგს. რაც შეეხება სიმშვიდის განცდას მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, ისინი განიცდიან დისკომფორტს, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლებიდან ძალიან ახლოს ვითარდება ასეთი ნეგატიური პროცესები. მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამოქმედებულია ყველა ფორმატი და მათ შორის დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სიტუაციის დეესკალაციას და ვიმედოვნებ, ეს იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
ანთაძემ უპასუხა შეხვედრის ჩაშლის რისკის შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მსგავსი მოლოდინი მას არ აქვს.
„მიჭირს, წინასწარ განვსაზღვრო შეხვედრის მონაწილეთა კონსტრუქციულობის ხარისხი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, ყველა ის საკითხი, რაზე სასაუბროდაც დღეს მოვედით, დავაყენოთ ძალიან პრინციპულად, რათა სიტუაციამ არ მიიღოს კიდევ უფრო სერიოზული განვითარება და არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე. რაც შეეხება ჩაშლის რისკს, ამ ეტაპზე არა მგონია, ეს რისკი არსებობდეს, რადგან ეს შეხვედრა იყო წინასწარ შეთანხმებული და როგორც ვიცი, თითოეული მონაწილე მოდის საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. მეტი დეტალი ცნობილი გახდება უკვე შეხვედრის შემდეგ“, - განაცხადა ანთაძემ.