პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღე შეაჯამა და განაცხადა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. მათ შორის, დაფინანსების ახალი მოდელისა და სარეკლამო დროის განაწილების გარდა კიდევ ოთხ საკითხზე: მეორე ტურთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, სიძულვილის ენაზე, მისი დარეგულირების წესზე და საარჩევნო კამპანიების და პარტიების დაფინანსების წყაროების მონიტორინგზე.
მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საარჩევნო ადინისტრაციის დაკომპლექტების წესზე. არსებობს ორი გარემოება, რომელთა გათვალისწინებითაც მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი.
„ჩვენ, მეტწილად დავაკმაყოფილეთ ეუთოს რეკომენდაცია, რომ უნდა გაუმჯობესდეს ბალანსი ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის და გავუზარდეთ წარმომადგენობა ოპოზიციას, რათა ამ გზით, მივაღწიოთ საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო მეტ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ოპოზიციას გადავცეთ მართვაში საარჩევნო ადმინისტრაცია და იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს დომინანტური გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაში. არის კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს ეუთოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას დიდწილად აკმაყოფილებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღის ბოლოს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთავაზებულ ვერსიას ეთანხმებიან საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე მსჯელობას ხვალ გააგრძელებს.