საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მეწარმეებს შეხვდა.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მეწარმეებს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ესაუბრა და მათგან წინადადებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გიორგი გახარიას თქმით, გარდა ტრადიციული კულტურებისა, ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მევენახეობა კიდევ უფრო განვითარდეს.
„მესმის, რომ ამას ვერ ექნება ინდუსტრიული ხასიათი და ეს ვერ იქნება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ პატარა მარნებიც უნდა გავაკეთოთ. სამაგიეროდ, ეს ტურიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი. საქართველო მაინც ღვინოა. უცხოელი ვერ ასხვავებს, კახეთს ქართლს და სამეგრელოს. მესამედ და მეოთხედ რომ ჩამოვა, მაშინ გაიგებს და სადაც ფეხს დადგამს საქართველოში, ჰგონია, რომ ყველგან კარგი ყურძენი უნდა მოდიოდეს და კარგი ღვინო. თუმცა ისტორიულად აქაც იყო ჯიშები და მისი აღდგენას შეიძლება.
სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის, რასაც შეუძლია დღეს სწრაფად სამეგრელოში კარგი ფული მოიტანოს. დათვლადია ყველაფერი. თქვენ მეურნეობას რომ ეწევით, ხომ თვლით. მაგალითად, თხილის პოტენციალი არის მაგალითად 100 მილიონი წელიწადში. მარტივად - კარგი მუშაობის შედეგად ერთ-ორ წელიწადში თხილმა შეიძლება სამეგრელოში დაახლოებით 100 მილიონი მოიტანოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად.
„რუსებმა რეისები რომ გააუქმეს, ივლისში, ამ ხუთი თვის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგა 350 მილიონი დოლარი. დღეს საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ასცდა 2 მილიარდ დოლარს. ეს რეალური ფულია. სამეგრელოში აქედან მოდის ალბათ 3 პროცენტზე ნაკლები. იმიტომ, რომ არ არის ტურისტული პროდუქტები. ამაზე სამუშაოა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის და წელს თუ ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში რაღაც მოვასწარით, გეგმა მაინც უნდა გავაკეთოთ ნორმალური, რომ მომავალ წელს ამ გეგმაზე ვიმუშაოთ. ზუგდიდში სასტუმროებია ასაშენებელი, ნოქალაქევია დროზე აღსადგენი, ბევრი ისტორიული ძეგლებია, გასაკეთებელია მარშრუტი მარტვილიდან ჩხოროწყუ-წალენჯიხა წალენჯიხა-ზუგდიდი ძალიან ბევრი ხალხი დადის დაცულ ტერიტორიებზე. ბევრი რამ არის სამეგრელოში, სადაც ტურისტი შეიძლება დავაკავოთ 5-6 დღე. გვჭირდება სასტუმროების ინფრასტრუქტურა ზუგდიდში და ფოთში. შემდეგ უკვე მესტია, მარტვილი. ჩხოროწყუ-წალენჯიხა უნდა განვითარდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებით. ასე პატარ-პატარა ნაბიჯებით რეგიონში შემოსავალი უნდა გავაჩინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მეწარმეებთან შეხვედრის დროს ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„დღეს ახალგაზრდებმა მკითხეს ანაკლია, ანაკლიის პორტი, დასაქმება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვუყურებ ანაკლიას, როგორც მარტო პორტს. არ არის ეს მხოლოდ პორტი. ამ რეგიონის პრობლემა არის ის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სამეგრელო გახდა ჩიხი. ეს არის პრობლემა. ეკონომიკური განვითარების ნაწილში, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ სამეგრელო არის ჩიხი. ანაკლიაც ამ ჩიხის გადალახვის ერთ-ერთი საშუალებაა, ისე როგორც მაგალითად რკინიგზის აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომ. ის უბრალოდ ვიცით და ყველა ვთანხმდებით , რომ 5 წელიწადში ვერ გავაკეთებთ, ამის გაკეთება 5 წელიწადში შესაძლებელია. შინაარსობრივად, მაინც საკითხი მიდის არა იმაზე, რამდენ ადამიანს დაასაქმებს პორტი, არამედ იმაზე, რომ კუთხე არ იყოს ჩიხი. ეს არის ყველაზე დიდი შინაარსი ამ ანაკლიის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.