ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ცუდი, უაღრესად სამწუხარო ამბავი მაცნობეს ახლა: წუხელ, გვიან ღამით, 89 წლისა, გარდაცვლილა ჩემი უფროსი ძმობილი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, მრავალი წლის მანძილზე რესპუბლიკის მსუბუქი მრეწველობის მინისტრი, უკეთილშობილესი და უნაღდესი კაცი გიორგი (გოგი) გამცემლიძე.
ინსულტით იყო ჩაწოლილი რამდენიმე თვე. ამ უმძიმეს პერიოდში მეუღლე ისე დაკრძალეს, არც გააგებინეს...
ჩემს უმცროს მეგობრებს-მეექვსეკორპუსელებს უნდა ახსოვდეთ მათზე მზრუნველი კაცი, ვინც მანტიებით და ქუდებით გამოაწყო და უანგაროდ შემოსა თსუ დიპლომების გადაცემასთან დაკავშირებული ზეიმის მონაწილეები და ჩვენთან ერთად სათავე დაუდო ამ ამაღელვებელ, სამახსივრო რიტუალს, ახლა რომ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
წავიდა გოგი გამცემლიძე თავის უსაყვარლეს მეგობრებთან - დოდო აბაშიძესთან, ჯანსუღ კახიძესთან, ვანიკო მაჭავარიანთან და სხვა ანგელოზებთან შესაერთებლად.
სამძიმარი ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს...
დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ.
მადლობა ზეციურ საქართველოში ასულ კ ა ც ს!
************
მალე 90 წელი შეუსრულდებოდა და არმაზ სანებლიძესთან ერთად ვფიქრობდი პაწია წიგნის დასტამბვას მასზე და მისი წინამორბედების, მისვე თაობის იმ ამაგდართა ღვაწლის შესახებ, ვინც 1940-50-იანი უმძიმეს წლებში აღადგინა და აღორძინა არაერთი ევაკირებული საწარმო, რის შედეგადაც მსუბუქი მრეწველობა გადაიქცა საქართველოს სახალხო მეურნეობი ერთერთ ლოკომოტივად.
„საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა კიდეც მის მშვენიერი ინტერვიუ. ჩანაფიქრის გაგრძელებას ხელი ვერ შეუშალა ვერც მისმა ინსულტმა. პირიქით, აგვაჩქარა. და მომავალ წელს გამოსაქვეყნებელი, საიუბილეო წერილი „რეპორტიორში“ და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაშიც“ სრულიად „უმიზეზოდ“, ყოველგვარი საბაბის გარეშე, სულ ახლახანს, 16 აგვისტოს განვათავსეთ: გვინდოდა წავხმარებოდით ექიმებს, გაგვემხნევებია მისი ვაჟკაცური სული, მოვფერებოდით საოცარ პიროვნებას, უკეთილშობილეს, დამსახურებულს, უანგაროს, უღალატოს...
ჰოდა, ვიმეორებთ ამ პუბლიკაციას. ახლა უკვე ზეციურ საქართველოში ამაღლებულს გვინდა დავადევნოთ მადლობა იმ დიდი საქმეების გამო რაც გააკეთა, იმ სითბოს გამო რაც დაღვარა, იმ სიყვარულის გამო რითაც იცხოვრა და ღირსეულად მოიხადა ვალი ქვეყნის, ოჯახის, კოლეგების, მეგობრების წინაშე.
მშვიდობით, ბატონო გოგი!
სწორედ შენისთანებზე აქვს ხალხს ნათქვამი: აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!
*************
კ ა ც ი !
(უფროსი მეგობრის საიუბილეოდ სათქმელი)
***********
1979 წლის დასაწყისიდან საქართველოს ერთადერთმა სახელმწიფო ტელევიზიამ „ახალ რელსებზე“ გადასვლა დაიწყო. ეს მაშინ, 40 წლის წინ იყო სიახლე, თორემ ახლა, ინტერნეტის ეპოქაში, საყოველთაო კომპიუტერიზაციის თუ მობილური ტელეფონიზაციის დროს, ამ თემით „თავმოწონება“ ახალთაობისათვის, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომტანია. მართლაც! მაგრამ, ის დრო(!!!) იყო, საკუთარი თუ ქვეყნის ბიოგრაფიიდან ვერ ამოაგდებ და არც ასე ადვილია მისი დავიწყება...
ჰოდა, ახლა რომ პირდაპირ ეთერში პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, პარტიების ლიდერების და, რაც მთავარია, ქუჩაში ნებისმიერი გამვლელის პირდაპირ ჩართვა ჩვეულებრივი მოვლენაა და სხვანაირად წარმოდგენაც კი ცოტა ძნელია, მაშინ ეს არამცთუ ადვილი არ იყო, არამედ გაბედულ ნაბიჯად ითვლებოდა...
ჰოდა, ამ სტრიქონების ავტორებმა გავბედეთ ტრადიციების დარღვევა - არავითარი წინასწარი ჩაწერა, პოლიტიკური რედაქტირება, რეჟისორული „დავარცხნა" - მინისტრები უნდა ვაიძულოთ აჩვენონ საკუთარი თავი, ინტელექტი, პოზიცია, აზროვნება და, რაც მთავარია, გაწეული მუშაობის შესახებ „ანგარიში" ჩააბარონ მოსახლეობას... პირდაპირ ეთერში! შემდეგ კი პასუხი გასცენ არაერთ სავარაუდო „მწარე" შეკითხვვას და საჯაროდ დათანხმდნენ მაყურებელთა კრიტიკის გამოსწორებისთვის გადადგმული ნაბიჯების მუდმივ საზოგადოებრივ და სატელევიზიო კონტროლს.
იმ დროისთვის, მთელი სსრკ-ს მასშტაბით, ეს მართლაც „რევოლუციური" ნაბიჯი გახლდათ. ჩვენი სურვილი და პერსპექტიული მიზანი გადაგვექცია სახალხო ტელევიზიად სახელმწიფო ეკრანი, რამდენიმე კომპონენტს შეიცავდა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე ძნელი, ანუ მტკივნეული - ერთი და იგივე პოლიტ- და საზოგადოებრივი ელიტის შეცვლა ახალი სახეებით. (სხვათაშორის, ერთი და იგივე ტიპაჟის ყოველდღიური და მრავალჯერადი მომაბეზრებელი „კეკლუცობა“ ახლაც(!) აშკარა პრობლემად უდგას მაყურებელს).
როგორც კი ჩვენი ჩანაფიქრი გავასაჯაროვეთ, ყველა მინისტრს პერსონალურად მივმართეთ სათანადო წინადადებით, ატყდა ალიაქოთი მაგრამ რა ატყდა. თანაც, როცა გაიგეს, რომ ტელეგამოსვლიდაან რამდენიმე თვეში მოუწევდათ ისევ პირდაპირ ეთერში უკვე პრაქტიკული შედეგების ჩვენება და ჩვენს მიერ დამოუკიდებლად მოპოვებულ - მომზადებული მასალების დემონსტრაცია, საზოგადოებრივ-სატელევიზიო კონტროლის სახით, მსურველი კი არა, უკვე კორპორატიული საწინააღმდეგო გალაშქრება მოგვიწყეს ტელერადიოს ხელმძღვანელებს.
ჰოდა, არც მაშინ იყო „აპარატული თამაშები იოლად მოსაგები. ჩაშვება - ენატანიობა და შური კაცობრიობის „მუდმივი მონაპოვარია"... არ იყო ადვილი მათთან, უფრო კი მათ ზემდგომ კურატორებთან გამკლავება. ესენი, მათი „მფარველებიც", დღევანდელის მსგავსად, არ იყვნენ არც „თინეიჯერული ასაკიდან ახლადგამოსული“ „კრიზის-მენეჯერები“, მაშინ სად იყო კომპი, ინტერნეტი და მობილური, არც ჰარვარდისა და კემბრიჯის დიპლომები, არც მათ „დასაბმელად“ სოროსის ფულით მოწყობილი „ტრეინინგები“... აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსულის გარდა არ იცოდა სხვა უცხო ენა, სამაგიეროდ ქონდათ კომპეტენციასა და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, შესაბამისი აზროვნება, პოლიტიკური წრთობა, რწმენა იმისი, რომ მათი საქმიანობა აძლიერებდა საქართველოს(!!!) ეკონომიკურ სიძლიერეს და მის მომავალს(!!!) და ... კიდევ ის, რასაც ციდან არ გჩუქნიან: მინდობილი დარგების ხელმძღვანელობის გამოცდილება, ზოგს 30(!!!!) წლიანიც კი, რომ არაფერი ვთქვათ 10-15-20 წლიან პერიოდზე.
დიდი აღტაცებით არც ცეკას თუ მთავრობის აპარატის კურატორებს ეხატებოდათ გულზე ეს „სიახლე“ და რომ არა შევარდნაძე-კოლბინის (ცეკას პირველი ხელმძღვანელების) იუმორნარევი, მაგრამ პრინციპული მხარდაჭერა, ეს იმ დროისთვის უაღრესად პროგრესული წამოწყება, შეიძლებოდა ჩაფლავებულიყო...
და მთავრობის წევრთა მთელ კორპუსში აღმოჩნდა ერთადერთი(!) მინისტრი, რომელმაც საჯაროდ, გაბედულად და ღირსეულად განაცხადა თანხმობა გამოსულიყო პირისპირ ტელესუდიტორიასთან და ესაუბრა არა მარტო წარმატებებზე (რაც აშკარად ქონდათ), არამედ გულწრფელად განეხილა შეცდომები, ჩავარდნები, წარუმატებლობები, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა „ჩავარდნებზე".
ეს იყო მაგალითი! ყინული გალღვა!
გავიმეორებთ: დღევანდელი გადასახედიდან, რეალობებიდან, ყოველდღიურ სატელევიზიო პრაქტიკაში ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენების შემხედვარე, როცა ზოგიერთი „გენიოსი" პირდაპირ ეთერში მარტო პუტინს კი არ უტრიალებს მშობლების საფლავებს, კიდევ უფრო უარესს აკეთებს, მაგრამ მაშინ, იმ დროს...
ერთხელ ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ნაღდმა პუბლიცისტმა ნანა დევდარიანმა თავისი ტელემონოლოგი მოხდენილად დაამთავრა სიტყვებით: აბა, გაგებედა ფოფხაძე-სანებლიძე-შამათავას ტელევიზიასა და რადიოში, გადაუმოწმებელი(!) ფაქტი გაგეხმოვანებია ეთერში და ... შენი აჯობებდაო.
ჰო, იყო, ჩვენდა საამაყოდ, ისეთი დრო, როცა ფრაზები - „ამბობენ“ ან „ავტობუსში („მარშრუტკაში“) გავიგონე“, არ იყო საკმარისი და სერიოზული არგუმენტი ფაქტის გასაჯაროვებლად...
ჰოდა, ამ ვითარებაში ტელეეკრანზე მინისტრის „პირდაპირი ეთერი" და უმწვავესი დიალოგი მართლაც უჩვეულო, მართლაც ვაჟკაცური ნაბიჯი გახლდათ და მაღალ თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო მოხელის მხრიდან რისკის შემცველი გაბედულებაც გახლდათ.
ამ გადაცემას არნახული გამოხმაურება მოჰყვა. რაოდენობითაც, რეაქციებითაც, მორალურადაც და პოლიტიკურადაც.
სხვათაშორის, გადაცემისაც პაწია „პროვოკაციაც" მოვუწყვეთ მინისტრს. წამყვანმა, ამ სტრიქონების ერთერთმა ავტორმა, მოულოდნელად ჰკითხა რესპონდენტს: მოხდენილ კოსტიუმში ხართ გამოწყობილი, სადაური წარმოებისააო თქვენი სამოსი? პაუზა. ოდნავ შემცბარი მინისტრი, ეტყობა, „ზურგში დანის ჩარტყმას" არ ელოდა და, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარმა „ამოღერღა": ფინეთის წარმოებააო... ამ კითხვა-პასუხს ისეთი აჟიოტაჟი (რა თქმა უნდა, უარყოფითი, დამცინავიც) მოჰყვა, რომ... რესპონდენტი მაინც ღირსეულად გამოვიდა ამ უხერხულობიდან და გულწრფელი და საინტერესო პირობაც მისცა ტელეაუდიტორიას...
ექვსი თვის შემდეგ მინისტრი ისევ პირდაპირ ეთერში მოვიწვიეთ, რათა „ანგარიში" ჩაებარებინა ტელემაყურებლისთვის იმის თაობაზე, თუ პრაქტიკულად რა კეთდებოდა იმ დაპირებების შესასრულებლად, რაც წინა გადაცემისას მან უხვად გასცა. ჰოდა, მაშინ გადაგვიხადა სამაგიერო: წარდგენისთანავე გაგვახსენა ფინური კოსტიუმის ისტორია, ტყუილად არ გასარჯოთ, უნდა გაგაწბილოთო: თბილისის მეშვიდე სამკერვალო ფაბრიკაში შეკერილი სამოსით ვარ მოსული და შეგიძლიათ მაღაზიებში იგივე პროდუქცია შეიძინოთო...
გადაცემის მსვლელობისას სახელდახელოდ გადავამოწმეთ და სავაჭრო ქსელმა დაადასტურა მინისტრის სიმართლე. გვაჯობა!!!
14 აგვისტოს ამ კაცს 89 წელი შეუსრულდა.
ჰოდა, ამ ჩვენი საყვარელი გაზეთის ფურცლებიდან გვინდა მივულოცოთ, რამეთუ მოულოდნელად აღმოჩნდა კლინიკაში და ახლა ექიმები ცდილობენ მის ჩვეულებრივ თუ არა, იმ ფორმაში მაინც დაბრუნებას, რომ სამადლობელო სადღეგრძელოს თქმა შეძლოს... ერთი მიზეზი სწორედ ეს ვითარება გახლდათ, რომ იმ დღეს იმიტომაც არ მოვეფერეთ ასე საჯაროდ, რომ ამით „სიგნალი არ მიგვეცა" მრავალრიცხოვანი ზარებისა და მოლოცვებისთვის, რათა არ დაგვეტვირულიყო პალატაში სამკურნალოდ მყოფი, ემოციებით ისედაც დახუნძლული იუბილარი.
ეს კაცი გახლავთ ოფიციალურად, პასპორტით გ ი ო რ გი, დარგის მრავალათეულათასიანი კოლექტივის, ქართული საზოგადოების, მრავალრიცხოვან სამეგობროსა და თაყვანისმცემლებისთვის კი უსაყვარლესი და ხელის გულზე სატარებელი ადამიანი
გ ო გ ი გამცემლიძე,
მრავალი წლის მანძილზე საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრი.
... პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ იგი, ჯერ საწარმოში გამოიჩინა თავი, მივიდა, შემდეგ კი ლიდერი თვისებებით ბუნებისგან დაჯილდოვებული ჭაბუკი სათავეში ჩაუდგა რაიონის (ახლანდელი დიდუბის) ახალგაზრდულ ორგანიზაციას, გამოიწრთო იქ და მიიღო ადამიანებთან ურთიერთობის, მუშაობის უმდიდრესი გამოცდილება...
მსუბუქი მრეწველობა საქართველოს სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგი იყო და ათეულობით საწარმოს შედეგიანი მუშაობა იყო მთელი ქვეყნის ინდუსტრიის მექანიზმის გამართული ფუნქციონირების ბარომეტრი. მაგრამ ამ დარგშიც იყო რამდენიმე გიგანტი, რომლის ნაყოფიც მთელ სსრ კავშირში ქმნიდა საქართველოს მრეწველობის ავტორიტეტს.
ჰოდა, ეს გიგანტი - თბილისის სართავ-სატრიკოტაჟო კომბინატი, რომელიც, რამდენიმე წლით ადრე, ლეგენდარული ეველინა თავაძის დირექტორობის დროს, ისედაც იყო უმნიშვნელოვანესი ობიექტი, ჩაბარდა ახალგაზრდა გოგი გამცემლიძეს, რომლის თავკაცობის დროს გადაიქცა არა მარტო უფრო მასშტაბურ და მძლავრ საწარმოდ, არამედ საქართველოს მსუბუქი მრეწველობის ფლაგმანად. აქ დამზადებული პროდუქცია ხარისხით უცხოურ ანალოგებს არათუ არ ჩამოუვარდებოდა, არამედ ხშირ შემთხვევაში ჯობდა კიდეც, მოწონებით სარგებლობდა საქართველოში, თავისთავად, და საბჭოთა რესპუბლიკების მომხმარებელთა შორის, წარმატებით გადიოდა ექსპორტზე.
ავტორთაგან ერთერთი თავად მუშაობდა აქ და სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს: საწარმო გამორჩეული იყო მუშებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის სანიმუშო სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობებითაც. გარდა იმისა, რომ ამ კომბინატს ქონდა უნიკალური სპორტული კომპლექსი, თავისი სრულფასოვანი სტადიონით, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი, სპორტდარბაზი... ამ კომბინატის კულტურის სასახლე იყო საწარმოს მუშათა და მიკრორაიონის ახალგაზრდობის შემოქმედების სამჭედლო. აქაური დრამწრის პრემიერებზე იკრიბებოდა თბილისის თეატრალური სამყარო. აქ მომუშავე ლტოლვილი ესპანელების ცეკვა-სიმღერის კოლექტივი იმარჯვებდა ოლიმპიადებზე... აღარაფერს ვამბობთ სამედიცინო მომსახურებასა და პროფესიულ სასწავლებელზე, რომლიც ზრუნავდა საქარმოს კოლექტივის უმრავლესობის - ქალთა ჯანმრთელობის დაცვაზე და მათ პროფესიულ ზრდაზე. მაგრამ, ფურორი მაინც მოახდინა იმ დროისთვის უნიკალურმა გადაწყვეტილებამ - იმან, რომ საწარმო და მისი პროფკავშირი აფინანსებდა აქაურ უიაფეს მუშათა სასადილოს, სადაც აქაურებისთვის პური(!) და ჩაი(!) ნებისმიერი რაოდენობით გახლდათ უფასო(!)
ლეგენდა ლეგენდად! მაგრამ საკუთარი თვალით დანახული მაინც სხვაა და... ერთ მშვენიერ კვირადღეს (კომბინატი მუდმივ ციკლში მუშაობდა) საწარმოს მოულოდნელად, ყოველგვარ გაფრთხილებისა და წინასწარ მომზადების გარეშე ეწვივნენ რესპუბლიკის მაშინდელი ლიდერები - კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი. დირექტორი ადგილზე არ დახვდათ, მაგრამ ვიდრე სასწრაფოდ გამოძახებული გამცემლიძე სტუმრებს ეახლებოდა, მათ დრო უქმად არ დაუკარგავთ, „ექსკურსიამძღლის" გარეშე მოიარეს და დაათვალიერეს კომბინატის ტერიტორია, ესაუბრნენ შესვენებაზე გამოსულ მშრომელებს და ოი, საოცრება: არცერთი საყვედური, არცერთი წაწუწუნება, არცერთი მნიშვნელოვანი კრიტიკა საწარმოს ხელმძღვანელობისადმი. პირიქით, როგორც შემდეგ მჟავანაძე აღტაცებით უყვებოდა კოლეგებს, არსად ასეთი სითბო რიგითი ადამიანების მხრიდან დირექტორის მისამართით არ მომისმენიაო...
„ექსკურსია“ უკვე შიგ საწარმოში გაგრძელდა და იქ კიდევ ახალი აღმოჩენა გააკეთეს სტუმრებმა: გარდა იმისა, რომ კომბინატი აღიქმებოდა, როგორც მომავლის საწარმო, რომელიც შრომის მეცნიერული ორგანიზებით და უახლესი საინჟინრო მიღწევების პრაქტიკული გამოყენებით რესპუბლიკის მსუბუქ მრეწველობაში არსებულ დონეს ბევრად უსწრებდა, აღმოჩნდა, რომ ბევრ, ძალიან ბევრ მუშასა და ოსტატს, საწარმოს დირექტორი სახელით იცნობდა. და ამ ადამიანურ ურთიერთობებში მათ დაინახეს სწორედ ის მთავარი ძარღვი, რაც განაპირობებდა არა მარტო შრომის შედეგს, არამედ კოლექტივის განწყობას. (ამ "დეტალებს" გვინდა ყურადღება მიაქციონ ახლად წამოჩიტულმა გამგებლებმა, მერებმა, მინისტრებმა და უფრო მაღლა მდგომმა მმართველმა სხვა ჭუჭუ^ლაშვილებმა, რამეთუ ადამიანებთან(!!!) ურთიერთობა, მათზე ზრუნვა, მათი განწყობის ცოდნა და გათვალისწინება არის გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი, ყველა დროში, ყველა ფორმაციაში, ყველა სფეროსა და მიმართულებით წარმატების უპირველესი ფაქტორი).
მერე კი გაირკვა, რომ მჟავანაძე-ჯავახიშვილის დუეტის ვიზიტი მთლად შემთხვევითი არ იყო, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელებს სურდათ "მოულოდნელობით" თავიდან აეცილებინათ სულ მცირე სიყალბე, სულ მცირე მოჩვენებითობა, რამეთუ ვარაუდობდნენ დარგის ხელმძღვანელობის განახლებას და სურდათ პირადად დარწმუნებულიყვნენ სავარაუდო არჩევანის სისწორეში.
დარწმუნდნენ კიდეც. და რამდენიმე დღეში გიორგი გამცემლიძე დაინიშნა მსუბუქი მრეწველობის მინისტრად.
ეს კი იყო ეს კარიერული წინსვლა, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც.
(სხვათაშორის ეს „მეთოდიც“ უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა ვისაც ახლა ხელეწიფება უმაღლეს თანამდებობებზე კადრების შერჩევა და გამწესება. მაშინ იშვიათი იქნება ის გაწბილება, ზოგიერთების არაკომპეტენტურობის, სიხარბის, „სალტო-მორტალეს" გამო, ანდა, ყოფილი „თანამოაზრე" პარტნიორების სხვადასხვა პოლიტიკურ, მტრულ ნავშიც კი გადახტომები და იქედან მათი ყოვლად ამაზრზენი საჯარო „წუწაობა".
ისევე, როგორც მმართველი ძალის არაერთი წარმომადგენლის სიხარბე, თავმდაბლობის დეფიციტი, პრემიებისა და დანამატების ბუმი, ოპონენტთა ყოველგვარი ზღვარგადასული ლანძღვა-გინება, ფუნიკულიორიდან „გამოქნების რჩევები“ და „ორსახოვანი იანუსობა“.)
როცა ამ თემებს ვეხებით, თანაც, წარსულის გადმოსახედიდან (იმ დროს და ეპოქას, რომელსაც დადებითთან ერთად უამრავი მინუსიც რომ ჰქონდა კი არ ვაიდიალებთ), უპრიანია ყურადღება მივაქციოთ საქმიან სტილს, რომელიც ზოგჯერ ხასითდება თითქოს უბრალო(!) დეტალით, მაგრამ ეს „უბრალოება" ხანდახან იღებს პრინციპულ ხასიათს. ეს „დეტალი" დღეს ერთობ აქტუალურია, თავისი „რევოლუციური" სულისკვეთებით, და ვერავითარი პოლიტიკური „სანელებლებით შეკმაზვა“ ვერ ანეიტრალებს „ჩარეცხვის" იმ მავნე შედეგს, რაც ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მეურნეობას (და არა მარტო) მიადგა: უფროსი თაობისადმი, ძველი კადრებისადმი, წინამორბედებისადმი დამოკიდებულების თემა.
უკვე სამი „რეჟიმი" გამოვიცვალეთ და ყველა ამ დროში ერთ და იმავეს ვხედავთ: ლამის საბავშვო ბაღიდან მოსული ზოგიერთი „ღლაპი" ან მხოლოდ კომპიუტერ-ინგლისურის ცოდნის და რომელიღაც ჩვენი ბანოჯის ხელა საზღვარგარეთული სოფლის კოლეჯის დიპლომიანი გოგო-ბიჭი, თანამდებობაზე მოდის ე. წ. „თავისი გუნდით“ (ანუ, საძმაკაცოთი) და სამსახურიდან უცერემონიოდ ერეკება ძველ, პროფესიონალ კადრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესაძლოა „დისკომფორტი“ შეუქმნან ჰაერიდან მოტანილი „გაფრენების“ განხორციელებისას. სამწუხაროდ, ასეა ყველა დონეზე...
აი, მაშინ, იმ „ავადსახსენებელ დროს“, ახლადდანიშნულმა მინისტრმა გიორგი გამცემლიძემ კორექტულობისა და თავმოყვარეობის „მოთხოვნათა" სრული დაცვით, გვერდში ამოიყენა ასაკით მასზე გაცილებით უფროსი, პენსიაზე გასული წინამორბედი მინიტრი მიხეილ ჩხეიძე (სხვათაშორის , წინათ კომპარტიის მიერ „დაჩაგრულ - გამწარებული ოჯახის მეთაური, ანუ, ახლა „მორკინალის დედოფლობიდან" ქართველი ჟანა დარკის როლზე პრტენზიის განმცხადებელი, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტნიორთან გამოცვლილ-გადამხტარ-გადმომხტარი „პუბლიცისტკა" თაკო ჩარკვიანის ბაბუა), გამოიყენა მისი მეთაურობით მანამდე მოქმედი გუნდის გამოცდილება, ავტორიტეტი, კავშირები და ამით, არა მარტო დააფასა მათი წარსული დამსახურება, გაუხალისა სიჭარმაგე, არამედ მაგალითი მისცა მაშინდელ ელიტას და, ღმერთო ნუ გვიწყენ, დღევანდელ „ჭუჭუ'ლაშვილ -ქათამაძეებსაც“, რომლებსაც, უფროსი თაობის გამოცდილების გამოყენებას ვინ ჩივის, სამწუხაროდ, იმის ჭკუაც კი არ ყოფნით, ელემენტარული მადლობა გადაუხადონ შეურაცხყოფილ, მამა-ბაბუის ტოლ წინამორბედებს. სამაგიეროსაც ადექვატურად იღებენ: თითქმის ყველა ასეთ „განწირულ" მაღალჩინოსანს მათ სავარძელში ჩაბრძანებული ახლადდანიშნული „ბოსი" იშორებს თავიდან... მათივე მეთოდით „პანღურამორტყმით“. მართლაც: „კეისარს კეისრისა!")
ერთი სიტყვით, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბატონი გოგი გამცემლიძე საქართველოს მსუბუქი მრეწველობის ყველაზე უფრო წარმატებული და რეკორდსმენი მინისტრი იყო. და ასეთად შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ამ მონათხრობს დავამატებდით კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც წონად შტრიხად გაამდიდრებს გოგი გამცემლიძის, როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის პორტრეტს: იგი, თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან, თანაც დაჟინებული თხოვნით, პირადი უმძიმესი და მტკივნეული მოტივებით, მიუხედავად იმისა რომ მაშინდელმა ხელმძღვანელმა გულწრფელად და დაბეჯითებით თხოვა თანამდებობაზე დარჩენა... გავიდა წლები და საქართველოში დაბრუნებულმა და პრეზიდენტად არჩეულმა შევარდნაძემ პირადად თხოვა გამცემლიძეს სათავეში ისევ ჩადგომოდა მსუბუქი მრეწველობის დარგს. ბატონ გოგის მორიგი უარი განპირობებული იყო სურვილით გზა დაეთმო ახალგაზრდებისთვის და საკუთარ თავს მოვალეობისთვის მრჩეველ-კონსულტანტის უანგარო, საზოგადოებრივი დატვირთვა განუსაზღვრა, რასაც დღემდე ასრულებს.
როგორც ერთხელ დიდმა ირაკლი აბაშიძემ გამცემლიძის უახლოესი მეგობრების -დოდო აბაშიძის, ვანიკო მაჭავარიანის, დემურ ცქიტიშვილის და სხვათა მხრიდან ბატონი გოგის სადღეგრძელოს პასუხად და მის დასახასიათებლად იხუმრა, მრეწველობა კი არის მსუბუქი, მაგრამ მინისტრია ერთობ მძიმე, იმხელა კაცობის ტვირთის მატარებელიაო...
ბატონი ირაკლი მეტისმეტად ფრთხილი იყო სადღეგრძელოს წარმოთქმისასაც კი, იუმორიც აფთიაქარის სასწორზე ქონდა აწონილი, ზედმეტს ვერ წამოაცდენინებდი, მაშინაც კი, როცა ვინმე უყვარდა და გულწრფელად აფასებდა. მისი ეს ხუმრობაც, სწორედ ეს შემთხვევა გახლდათ.
...ერთი სიტყვით ამ პუბლიკაციის მიზანი არა მარტო მოფერებაა, არა მარტო უსიამოდ მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში მწოლიარე უფროსი მეგობრის გამხნევების და მისი დროული გამოჯანმრთელების სურვილია, არამედ უფრო მნიშვნელოვანი: ასეთი ადამიანები, ასეთი საქმის კაცები აძლიერებდნენა ამ ქვეყნის ეკონომიკას, მათი გონივრული, კომპეტენტური ხელმძღვანელობით ვითარდებოდა ინდუსტრია, იქმნებოდა სახალხო დოვლათი, უმჯობესდებოდა სოციალური განწყობა და სწორედ ამ შრომის შედეგად მოპოვებულ სიმდიდრის გამოყენებით (ახლა რომ დაფინანსებას უწოდებენ) ვითარდებოდა ქართული კულტურა, მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, სპორტი, მშობლიური ენა და ღრმავდებოდა ერის ისტორიის კვლევა...
არ არის ეს ხალხი დასავიწყებელი.
ეს ხალხი მოსაფერებელია.
ამ ხალხს მადლობა ეკუთვნის, გულწრფელი, უანგარო!
ახალთაობის ნაწილი, ვისაც ზოგჯერ ენის ქავილი აქვს ატეხილი და ცინიკურად საუბრობს წარსულზე (ვინც წარსულის მოღვაწეებს იმით აფასებს თუ რამდენი სტრიქონით იგუგლება მისი გვარი), დასკვნამდე ცოტა გვიან მივა... გაიზრდებიან, დაღვინდებიან და გულწრფელი პატრიოტული სულისკვეთებით, როგორც ბევრი მათგანი, ახლა იბრძვის, აუცილებლად მივლენ!
ასე იყო სულ და ასე იქნება მომავალშიც.
ეს კლასიკაა!
ახლა კი მადლობა თქვენ, ბატონო გოგი გამცემლიძე! იმიტომ რომ იყავით, ხართ და კვლავაც იქნებით სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცთა და კაცობის მაგალითის მიმცემთა შორის.
არმაზ სანებლიძე,
ნუგზარ ფოფხაძე.